ჩვევების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა
ჩვენი ქცევა არ არის სპონტანური – თითოეული ქმედება სურვილის ზედაპირულ და სიღრმისეულ მოტივებზეა დაფუძნებული. ჩვევები ჩვენი ტვინის მიერ შექმნილი ასოციაციური კავშირების ერთობლიობაა. ამიტომ, როდესაც პრობლემას კონკრეტულ ქმედებასთან ვაკავშირებთ, ეს ქცევა სამომავლოდ გამოსავლად აღიქმება. სწორედ ეს ასოციაციები განსაზღვრავს, ღირს თუ არა ჩვევის განმეორება.
ჩვენი ყოველი ქმედება პროგნოზს ემყარება – ყოველდღიურად ვაკეთებთ შეფასებებს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მოქმედებას. ამ პროგნოზებს გრძნობები ახლავს, რაც განსაზღვრავს, კონკრეტული ქცევა სასურველია თუ არა. ემოციები გვკარნახობს, როდის არის დრო ცვლილებისთვის და როგორ უნდა მოვახდინოთ მოქმედებების კორექცია.”
“სურვილი ჩვენი ქცევის მამოძრავებელი ძალაა – ის არსებულ და სასურველ მდგომარეობას შორის სხვაობას ასახავს. როდესაც რომელიმე ჩვევა დადებით ემოციებს უკავშირდება, ის უფრო მიმზიდველი ხდება და მისი განმეორება უფრო მოსალოდნელია. შესაბამისად, ახალი, სასარგებლო ჩვევების დასანერგად აუცილებელია, რომ ისინი პოზიტიურ ასოციაციებთან დავაკავშიროთ.
ცუდი ჩვევების თავიდან აცილება არ არის ნებისყოფის საკითხი. მნიშვნელოვანია გარემოს სწორად ადაპტირება და ქცევის გააზრებული მართვა. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ვეცადოთ ცუდი ჩვევის თავიდან აცილება, უნდა შევცვალოთ ის კავშირები, რომლებიც ამ ჩვევას იწვევს. ამისთვის შესაძლებელია:
თუ ცუდი ჩვევა პოზიტიურ ასოციაციასთან არის დაკავშირებული, საჭიროა ამ კავშირის დარღვევა და მისი უარყოფით ასოციაციასთან მიბმა.
ქცევის სირთულის გაზრდა – რაც უფრო რთულია ქმედების განხორციელება, მით ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ის განმეორდება.
ალტერნატივების მოძიება – ცუდი ჩვევის ჩანაცვლება უკეთესი, სასარგებლო ჩვევით უფრო ეფექტიანია, ვიდრე უბრალოდ მისი თავიდან არიდება.
გარემოს შეცვლა – ჩვევების დიდი ნაწილი გარემოს ფაქტორებზეა დამოკიდებული. ახალი ქცევის დასანერგად საჭიროა ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მას ხელს შეუწყობს.
დიდი ცვლილებები პატარა, მაგრამ სწორად მართულ ჩვევებზეა დაფუძნებული. ნებისყოფის გაძლიერება საჭიროა, თუმცა ის საკმარისი არ არის. მთავარია, დავნერგოთ ისეთი სისტემა, რომელიც დაგვეხმარება ქცევის პოზიტიურ ტრანსფორმაციაში და ხელს შეუწყობს ჯანმრთელი, სასარგებლო ჩვევების დამკვიდრებას.