შეუქცევადი ჩვევის მნიშვნელობა
თუ გსურს რაიმეს შექმნა, ქცევის ცვლილების მეორე წესის თანახმად, ის მიმზიდველად უნდა აქციო. ჩვევები დოფამინით მართულ უკუკავშირის ციკლს წარმოადგენს. მყარ ჩვევაში გადაზრდილი ყველა ქცევა დოფამინის მაღალ დოზებთანაა დაკავშირებული და იგივე შეიძლება ითქვას ყველაზე საბაზისო ქცევებზეც, როგორიცაა საჭმლის ჭამა, წყლის დალევა, სოციალური ურთიერთობები და სხვა.
წლების განმავლობაში მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ დოფამინი მხოლოდ სიამოვნებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა ვიცითთ, რომ ის წამყვან როლს თამაშობს მრავალ ნევროლოგიურ პროცესში, რგოორიცაა: მოტივაცია, დასწავლა და მახსოვრობა, სასჯელი და სიძულვილი, ნებაყოფლობითი მოძრაობა.
ჩვევებზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ დოფამინი გამომუშავდება არა მხოლოდ მაშინ, როცა სიამოვნებას განიცდი, არამედ მაშინაც, როცა მას მოელი. ყოველთვის, როცა შეგიძლია განსაზღვრო, რომ რაიმე პერსპექტივაში ჯილდოს მოგიტანს, მოლოდინი დოფამინის დონეს ზრდის. ხოლო დოფამინის მატებასთან ერთად იზრდება მოტივაცია, იმოქმედო.
მოქმედებისკენ გვიბიძგებს არა ჯილდოს მიღება, არამედ ჯილდოს მოლოდინი და ამის სიღრმისეულად გააზრება წარმოაჩენს ქცევის ცვლილების მეორე წესის მნიშვნელობას. ჩვევები უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ, რადგან, სწორედ მოსალოდნელი ჯილდოს მიღების განცდა გვაძლევს მოტივაციას, ვიმოქმედოთ.
წარმატებული ადამიანები არ იბადებიან — ისინი თავად ქმნიან საკუთარ გზას, რომელშიც მთავარი როლი ჩვევებს ენიჭება. ხშირად მიზნებისკენ მიმავალი გზა გრძელია და შესაძლოა სირთულეებით იყოს სავსე, მაგრამ ჩვევების სასურველად და დაუძლევლად ქცევა ყველაფერს ცვლის.
წარმატებისკენ მიმავალი ჩვევა, რაც არ უნდა საჭირო იყოს, ვერ დამკვიდრდება, თუ ის არ მოგწონთ ან არ გიზიდავთ. თუმცა არსებობს გამოსავალი: თქვენ თავად შეგიძლიათ შექმნათ სასიამოვნო ჩვევები და მათთან ერთად ახალი ცხოვრება.
როცა რეგულარულად აკავშირებთ სასიამოვნო აქტივობებს აუცილებელ ამოცანებთან, ტვინი იწყებს მათ დადებით ემოციებთან დაკავშირებას და დოფამინის გამოყოფას. დროთა განმავლობაში გარე ჯილდოები ნაკლებად ხდება საჭირო, რადგან თვითონ ჩვევა ხდება მოტივაციის წყარო. მაგალითად, როცა ვარჯიშის შედეგად საკუთარ პროგრესს ხედავთ, ვარჯიში თავად გადაიქცევა შთამაგონებელ და სასიამოვნო პროცესად.
პრაქტიკული ნაბიჯები მიმზიდველი ჩვევების შესაქმნელად:
– გამოავლინეთ თქვენი საჭიროებები და სურვილები: ჩამოწერეთ ჩვევები, რომლებიც გინდათ, რომ შეიმუშავოთ და ის აქტივობები, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ.
– დააკავშირეთ ისინი: შეარჩიეთ საჭირო და სასიამოვნო ქმედებები და შეუსაბამეთ ერთმანეთს.
– დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით: არ ჩაეფლოთ ყველაფერში ერთდროულად — წარმატება მარტივ ნაბიჯებზე დგას. დაისახეთ მცირე მიზნები და თანდათან გაზარდეთ მათი სირთულე.
– აღნიშნეთ პროგრესი: არ დაივიწყოთ საკუთარი წარმატებების დაფასება – ეს დამატებით მოტივაციას შეგმატებთ.
ჩვევების ჩამოყალიბება არ უნდა იყოს მოსაწყენი ან დამღლელი. მათი მიმზიდველად ქცევა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდეს. გახსოვდეთ, რომ შედეგები არ ჩანს ერთ დღეში, მაგრამ სწორი სტრატეგიებით, როგორიცაა ცდუნების გაერთიანება და დოფამინის მართვა, შეგიძლიათ დაამყაროთ ჩვევები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
გადადგით პირველი ნაბიჯი დღესვე, იყავით თანმიმდევრული და მიეცით შესაძლებლობა დაუძლეველ ჩვევებს, რომ თქვენი ყოველდღიურობა შეცვალონ!