მოტივაცია ჯილდოსა და სასჯელს მიღმა
თანამედროვე სამუშაო სივრცეში მოტივაციის მთავარი საშუალება ხშირად ჯილდო-სასჯელის პრინციპზეა დაფუძნებული. ერთი მხრივ, პრემიები, ფასდაკლებები, წახალისება და მეორე მხრივ, კრიტიკა ან საყვედური. მრავალი კომპანია ამ მეთოდს წარმატებულ გზად მიიჩნევს თანამშრომელთა და მომხმარებელთა მართვისთვის. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი მიდგომის მნიშვნელოვანი შეზღუდვები არსებობს.
ჯილდო-სასჯელის სისტემა ხელს უწყობს ქცევის ცვლილებას, მაგრამ ვერ ბადებს ნდობას. ადამიანი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ გარეგანი წახალისებისა თუ შიშის გამო, იშვიათად ცდილობს გაერკვეს, რატომ არის მისი საქმე მნიშვნელოვანი. ამგვარად, გადაწყვეტილებები ხშირად მოკლევადიან მიზნებს ემსახურება, რადგან მოტივაცია არა შიგნიდან, არამედ გარედან მოდის წახალისების სახით.
პრობლემას ის წარმოადგენს, რომ გარეგანი მოტივაცია მარტივად ცვლის პიროვნების მიმართულებას თუ სადმე უკეთეს ჯილდოს ნახავს.
გარეგანი მოტივაციის, ჯილდოს სისტემამ შესაძლოა ერთხელ იმუშაოს, ორჯერაც, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ეფექტურობა იწურება. ადამიანი ეჩვევა ჯილდოს ან ეშინია მხოლოდ დასჯის. მუშაობს იმ დონეზე, რამდენიც საკმარისია იმისთვის, რომ მოტივაციის მინიმუმი შეინარჩუნოს. შედეგად, სამუშაო სივრცე იქცევა ფორმალურ ურთიერთობად და აქ აღარ არის ადგილი გულწრფელი თანამშრომლობის, ახალი იდეებისა და ნდობის.
მოტივაცია, რომელიც შიგნიდან მოდის ანუ ის, რაც ადამიანის ღირებულებებთან, რწმენებთან და მიზნებთანაა დაკავშირებული გაცილებით უფრო მძლავრია. როცა ადამიანს ესმის, რას ემსახურება მისი შრომა და რისთვის იბრძვის მთელი გუნდი, ის თავს ხედავს ამ ისტორიის ნაწილად. ასეთ შემთხვევაში მას არ სჭირდება მუდმივი წახალისება ან დასჯა ის მუშაობს იმიტომ, რომ სწამს თავის საქმის და სწორედ ამ რწმენით იღწვის უკეთესი შედეგისთვის.
გუნდში, სადაც ადამიანები მოქმედებენ შინაგანი მოტივაციით, იდეები თავისუფლად მოძრაობს, ნდობა არის მყარი და პასუხისმგებლობა გაცნობიერებული. ასეთი გარემო არა მხოლოდ პროდუქტიული, არამედ უფრო ჯანსაღიცაა.
მოტივაცია, რომელიც მხოლოდ ჯილდოზე ან სასჯელზეა აგებული, იძლევა სწრაფ, მაგრამ ზედაპირულ შედეგებს. თუ გვსურს, რომ ადამიანებმა იპოვონ თავიანთი ადგილი საერთო მიზანში, უნდა დავეხმაროთ მათ გაიგონ და იგრძნონ რატომ აკეთებენ საქმეს. ნდობა, ინიციატივა და ერთგულება იწყება იქ, სადაც ადამიანი ხედავს თავისი წვლილის მნიშვნელობას. სწორედ ეს ქმნის ძლიერ გუნდებს, ჭეშმარიტ პარტნიორობას და გრძელვადიან შედეგებს.