ის რაც დღეს წარმატებას განაპირობებს, ხვალ შეიძლება იყოს განვითარების მთავარი დაბრკოლება. ხშირად ის პრაქტიკები, სისტემები ან ქმედებები, რომლებიც წარსულში გამორჩეულ შედეგებს იძლეოდა, დროთა განმავლობაში იქცევა რუტინად, რომელიც აღარ ეხმიანება რეალობას და იწყებს ნაშენები სისტემის ნგრევას.
წარმოვიდგინოთ კომპანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა შესანიშნავი გაყიდვების მეთოდი. გუნდი ყოველდღიურად იმეორებდა ერთსა და იმავეს: მარკეტინგი ერთი და იგივე მესიჯებით, ერთსა და იმავე არხებზე. თავიდან შედეგი შთამბეჭდავი იყო KPI-ები სრულდებოდა, ბაზარი რეაგირებდა, გუნდი მოტივირებული იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს მიდგომა აღარ პასუხობდა მომხმარებლის ახალ მოლოდინებს. ბაზარი სწრაფად იცვლებოდა, კომუნიკაციის ტონი – მრავალფეროვანი, არხები — დინამიური ხდებოდა. კომპანიამ კი ჩვევა არ შეცვალა, რადგან „ეს ყოველთვის მუშაობდა“. სწორედ აქ გაჩნდა პრობლემა: რაც ოდესღაც ეფექტიანი იყო, ახლა არარელევანტური გახდა. ეს არის ჩვევის უხილავი ზღვარი. მომენტი, როდესაც წარმატება კომფორტის ზონად იქცევა, ხოლო კომფორტი იწყებს ზრდის, განვითარების შეზღუდვას.
როდესაც ქმედება იმდენად ავტომატურია, რომ აღარ იწვევს კრიტიკულ ფიქრს, მცირდება განვითარება და პროცესი ხდება მექანიკური. ის აღარ განიხილება როგორც შესაძლო გასაუმჯობესებელი მექანიზმი, არამედ უბრალოდ სრულდება, როგორც უკვე ჩამოყალიბებული სტანდარტი. ამ დროს კი კომპანიები და ინდივიდები ერთნაირად კარგავენ სიფხიზლეს. ეს სიფხიზლეა ის ცეცხლი, რომელიც წინ წაგვწევს, როცა ის ქრება, რჩება მხოლოდ ინერცია.
ბიზნესის ისტორიაში მრავალი მაგალითია, როცა წარმატებული ჩვევები და მეთოდები თავადვე იქცნენ კომპანიის დაცემის მიზეზად. ერთ დროს დომინანტი ბრენდები, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტები, საცალო ქსელები, სატელეკომუნიკაციო ლიდერები არ იყვნენ მზად ცვლილებებისთვის რადგან ისინი იყვნენ ძალიან ერთგულნი იმ ჩვევებისა და სტრატეგიებისა, რომლებმაც წარსულში გაამართლეს. მათ დაკარგეს ადაპტაციის უნარი და ვერ გაბედეს დაესვათ ყველაზე რთული კითხვა: „შეიძლება ის, რაც ახლა ვაკეთებთ, უკვე აღარ მუშაობს?“
განსაკუთრებით რთულია ცვლილება მაშინ, როცა ჩვევა იდენტობის ნაწილად იქცევა.
გამოსავალი, ამ ჩუმი სტაგნაციის წინააღმდეგ, იწყება ერთი მარტივი პროცესით რეგულარული ანალიზით. პერიოდული გაჩერება და შემდეგი კითხვების დასმა:
• ვაკეთებთ თუ არა ამას მექანიკურად?
• მუშაობს თუ არა ის, რაც გუშინ მუშაობდა?
• გვიწევს თუ არა ადაპტაცია ახალ გარემოზე, თუ უბრალოდ ვაგრძელებთ ძველის გამეორებას?
ეს კითხვები გვაჩვენებს რეალობას და გვიბიძგებს ცვლილებისკენ. მისი მნიშვნელობის გააზრებისკენ, რომ ეს არ ნიშნავს წარმატებული სისტემის უარყოფას, არამედ მისი ევოლუციის შესაძლებლობაა. ძლიერი პრაქტიკა არის ის, რომელიც არ ინარჩუნებს მუდმივ ფორმას, არამედ ვითარდება და ადაპტირების, წინსვლის არ ეშინია. რაც უფრო სწრაფად იცვლება მსოფლიო, მით უფრო აუცილებელია ჩვევების გადახედვა. ზრდა აღარ ნიშნავს მხოლოდ ცოდნის ან გამოცდილების დაგროვებას ის გულისხმობს იმ სიმამაცეს, რომელიც ჩვევის მიღმა ახალი შესაძლებლობების დანახვაში გამოიხატება. პირველი ნაბიჯი წინსვლისკენ მუდმივი სიფხიზლე და კითხვის დასმაა: „შევიცვალე? განვვითარდი? თუ უბრალოდ ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვიცი?“
ჩვევები, რომლებიც წარსულში ჩვენი წარმატების მთავარი წყარო იყო, დროთა განმავლობაში შეიძლება იქცეს ჩვენი ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად. ამიტომაც ყველაზე მდგრადი ორგანიზაციები და პროფესიონალები არ ებღაუჭებიან მხოლოდ ძველ ჩვევებს და უკვე ნაცად, გამართლებულ წარმატების ფორმულებს, ისინი მუდმივად ინტერსდებიან ცვლილებით და მუშაობენ ახალი, საჭირო ჩვევების გამომუშავებაზე.