შეცვალე ცხოვრება უკეთესობისკენ ორ წუთში
პროკრასტინაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მენტალური ბარიერია, რომელიც ხელს უშლის პროდუქტიულობასა და თვითგანვითარებას. ჯეიმს ქლიერი ამ პრობლემის გადაჭრის უაღრესად ეფექტურ სტრატეგიას – ორი წუთის წესს გვთავაზობს. მისი იდეა ეფუძნება პრინციპს, რომ ნებისმიერ ახალ ჩვევას დასაწყისი სჭირდება, მთავარია დაწყება,შემდეგ კი პროცესი ბუნებრივად გაგრძელდება. ეს მეთოდი ეხმარება ადამიანებს გადალახონ შიშები, ეჭვები და მოტივაციის ნაკლებობა, რომლებიც ხშირად გადადების ძირითად მიზეზებს წარმოადგენენ.
ორი წუთის წესი: მარტივი გზა მოქმედების დასაწყებად
ქლიერის თქმით, ყოველი ჩვევა იწყება პირველი ნაბიჯით, რომელიც ხშირად უმნიშვნელოდ გამოიყურება, მაგრამ სწორედ ეს პირველადი ქმედებაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ორი წუთის წესის არსი მდგომარეობს შემდეგში: თუ დავალება ორ წუთში ან ნაკლებ დროში შეიძლება შესრულდეს, მაშინ უნდა გააკეთო ის დაუყოვნებლივ. თუ დავალება დიდია და ორ წუთში ვერ შესრულდება, მაშინ უნდა დაიწყო ისეთი მცირე ნაბიჯით, რომელიც ორ წუთს არ აღემატება. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია ყოველდღიური ვარჯიში, ნუ იფიქრებთ ერთსაათიან ფიზიკურ დატვირთვაზე. უბრალოდ ჩაიცვით სპორტული ტანსაცმელი. ეს პატარა ქმედება ამსუბუქებს პირველ ნაბიჯს და ზრდის ალბათობას, რომ საბოლოოდ ვარჯიშს გააგრძელებთ. ეს არის მოქმედების ინერციის პრინციპი: ერთი მცირე ქმედება გზას უხსნის უფრო დიდ ქმედებებს.
საქმის მუდმივი გადადების მიზეზი და მისი დაძლევა
გადადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ამოცანის სირთულისა და ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობის დაპირისპირება. როდესაც რაიმე რთული ჩანს, ტვინი ავტომატურად ეძებს მარტივ, დაუყოვნებლივ სასიამოვნო აქტივობებს, რომლებიც უფრო მცირე ძალისხმევას მოითხოვს. მაგალითად, თუ აუცილებელია სტატიის დაწერა, შესაძლოა, საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რის გამოც ალტერნატივად სოციალური ქსელების სქროლვა ან სერიალების ყურება უფრო მიმზიდველი ხდება.
ორი წუთის წესი ამ პრობლემას ებრძვის შემდეგი პრინციპებით:
დაწყება ყოველთვის რთულია, მაგრამ თუ მოქმედებას დაიწყებთ, ბევრად მარტივად გაგრძელდება.
მოტივაცია ხშირად მოქმედებას მოჰყვება და არა პირიქით. ადამიანების უმეტესობა ელოდება მოტივაციას, რომ საქმე დაიწყოს. თუმცა, ქლიერი გვირჩევს, რომ სჯობს დავიწყოთ და მოტივაცია ამ პროცესში ბუნებრივად გაჩნდება.
ამიტომ, გადადებასთან საბრძოლველად უმნიშვნელოვანესია ამოცანის პირველი ორი წუთის სწორად გამოყენება – როგორც კი ამ ეტაპს გადალახავთ, დანარჩენი პროცესი ნაკლებ წინააღმდეგობას შეგიქმნით.
მარტივი ჩვევების გამომუშავება და რთული მიზნების მარტივად მიღწევა
ორი წუთის წესი არ არის მხოლოდ გადადების შეჩერების ტექნიკა – ეს არის ძლიერი სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს მცირე ჩვევების განვითარებას და მათ დიდ სისტემებად გარდაქმნას. ქლიერი აღნიშნავს, რომ წარმატება არ არის ერთჯერადი, დიდი ცვლილებების შედეგი, არამედ ყოველდღიური, მცირე ჩვევების დაგროვების შედეგი. მაგალითად, თუ გსურთ, რომ გახდეთ მკითხველი, დაიწყეთ დღეში ერთი გვერდის წაკითხვით. ეს ქმნის რუტინას, რომელიც დროთა განმავლობაში ბუნებრივად გადადის სრულფასოვანი კითხვის პროცესში.
გარემოს გავლენა ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში
პროკრასტინაციის დასაძლევად და ორი წუთის წესის ეფექტურად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია გარემოს მართვა. ქლირი გვირჩევს, რომ შევცვალოთ ჩვენი ფიზიკური გარემო ისე, რომ ის ხელს უწყობდეს სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებას. თუ გსურთ, რომ წიგნების კითხვა თქვენი რუტინის ნაწილი გახდეს, ტელეფონის ნაცვლად საწოლთან წიგნი უნდა დადოთ.
პროკრასტინაციის დაძლევა ნებისყოფაზე დამოკიდებული არ არის ის მოითხოვს სწორ სტრატეგიას. ორი წუთის წესი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ საქმის გადადება და შევქმნათ მდგრადი ჩვევები. მისი ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედების დაწყება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეალური შესრულება. როგორც კი, პირველი ორი წუთის ბარიერს გადავლახავთ, დანარჩენი პროცესი ბუნებრივად გაგრძელდება. ამ მეთოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირება უზრუნველყოფს არა მხოლოდ დროის უკეთესად მართვას, არამედ ჩვენი იდენტობის ცვლილებასაც. როდესაც თავს აიძულებთ დაიწყოთ ცვლილება მცირე მოქმედებით, დროთა განმავლობაში ეს ქცევა თქვენივე პიროვნების ნაწილად გადაიქცევა. წარმატების საიდუმლო პატარა ნაბიჯებშია ამიტომ დაიწყეთ დღესვე და მხოლოდ ორი წუთით.