პრაქტიკის მნიშვნელობა ჩვევის ჩამოყალიბების პროცესში

ცვლილებების პროცესში ხშირად ხანგრძლივად ვეძებთ საუკეთესო გეგმას, რაც საბოლოოდ მოქმედებას გვართმევს. ვფიქრობთ, რომ იდეალური სტრატეგიის შერჩევა მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე ზედმეტი ფიქრი შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს რადგან აქტიურობა და ქმედითი ნაბიჯი ერთმანეთისგან განსხვავდება. აქტიურობა მოიცავს დაგეგმვას, სწავლასა და სტრატეგიის შემუშავებას, რაც აუცილებელია, მაგრამ შედეგი მხოლოდ ქმედით ნაბიჯს მოაქვს. მაგალითად, სტატიაზე მუშაობისას იდეების ჩამოწერა აქტიურობაა, ხოლო მისი რეალურად დაწერა – ქმედითი ნაბიჯი.

ახალი ჩვევის ჩამოყალიბება ხშირი გამეორების შედეგად ხდება. ყოველი განმეორებით ტვინში ნერვული კავშირები ძლიერდება, რაც ჩვევას ავტომატურს ხდის. ჯორჯ ლუისი აღნიშნავს, რომ ახალი უნარების ათვისება თავდაპირველად რთულია, რადგან ტვინში შესაბამისი გზები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. თუმცა, როცა მოქმედებას საკმარისად ხშირად ვიმეორებთ, ის ინსტინქტურ დონეზე გადადის და გაცილებით მარტივდება.

ხშირად გვაინტერესებს, რამდენი ხანი სჭირდება ჩვევის ჩამოყალიბებას, მაგრამ რეალურად უფრო მეტად საინტერესო კითხვა არის – რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ის, რომ ავტომატური გახდეს? დრო თავისთავად არაფერს ცვლის, მთავარი განმეორების სიხშირეა. ჩვენი დღევანდელი ჩვევები წარსულში ასობით განმეორების შედეგად ჩამოყალიბდა და ახალი ჩვევების დასამკვიდრებლადაც იგივე პრინციპი მოქმედებს.

ადამიანები ბუნებრივად ვირჩევთ გზას, რომელიც ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ახალი ჩვევის დასანერგად მისი შესრულება უნდა გავამარტივოთ. რაც უფრო ხელმისაწვდომია ქმედება, მით უფრო მეტია მისი რეგულარულად შესრულების შანსი. ჩვევების ჩამოყალიბება უფრო მარტივი ხდება, როცა გარემოს ისე ვაწყობთ, რომ სასურველი ქცევა ყველაზე მოსახერხებელი არჩევანი გახდეს. საბოლოოდ, მთავარი პრინციპი ის არის, რომ წარმატების მისაღწევად დაგეგმვა საკმარისი არ არის – აუცილებელია რეალური ქმედება და პრაქტიკა.