მოსაზრება, რომ მცირედი დისციპლინა ყველა ჩვენს პრობლემას გადაჭრიდა, ჩვენს კულტურაში ღრმადაა გამჯდარი. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევები სულ სხვა რამეზე მეტყველებს და გვთავაზობს ახალ პერსპექტივას იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს რეალურად თვითკონტროლი.

როდესაც მეცნიერები აანალიზებენ ადამიანებს, რომლებსაც, ერთი შეხედვით, უზარმაზარი თვითკონტროლი აქვთ, ირკვევა, რომ ისინი დიდად არ განსხვავდებიან ადამიანებისგან, რომლებსაც ამავე ხარისხის კონტროლი არ გააჩნიათ. განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ დისციპლინირებულ ადამიანებს უკეთ გამოსდით თავიანთი ცხოვრების ჩამოყალიბება საგმირო ნებისყოფისა და თვითკონტროლის გარეშე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი ნაკლებ დროს ატარებენ მაცდუნებელ სიტუაციებში. საუკეთესო თვითკონტროლის მქონე ადამიანები, როგორც წესი, არიან ისინი, რომელთაც ამ უნარის გამოყენება ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – გაცილებით იოლია თავშეკავება, როცა ამის კეთება მეტისმეტად ხშირად არ გიწევს.

სიმტკიცე, შეუპოვრობა და ნებისყოფა წარმატების მისაღწევად უდავოდ აუცილებელია, მაგრამ ამ თვისებების გაძლიერება უფრო დისციპლინირებულს ვერ გაგხდის. რეალური გასაღები მდგომარეობს ასეთი გარემოს შექმნაში.

ეს პარადოქსული იდეა მეტ აზრს იძენს, როდესაც გვესმის, რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში ჩვევების ფორმირებისას. ტვინში ჩაბეჭდილი ჩვევა მზადაა, შესაბამის სიტუაციაში განმეორებით წარმოიშვას. თუ სიგნალების შეფასებისას ყურადღებით არ იქნები, შესაძლოა გამოიწვიო ქცევა, რომლის შეწყვეტაც გსურს.

ცუდი ჩვევები ავტოკატალიზატორივით მუშაობს: პროცესი პროცესითვე “იკვებება”. ისინი აძლიერებენ გრძნობებს, რომელთა ჩახშობასაც ცდილობ. მკვლევარები ამ ფენომენს უწოდებენ “სიგნალით გამოწვეულ სურვილს”. ესაა გარე ფაქტორებით პროვოცირებული სიგნალი, რომელიც ცუდი ჩვევის გამეორების სურვილს იწვევს.

შეგიძლია ჩვევისგან გათავისუფლდე, მაგრამ მის დავიწყებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებ. როგორც კი ტვინში ჩვევა მენტალურ კვალს დატოვებს, მისი ძირფესვიანად ამოშლა თითქმის შეუძლებელია – მაშინაც კი, თუ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ ავლენ.

მიდგომა, რომელსაც უფრო მეტად შეგიძლია დაეყრდნო, არის ჩვევების წყაროს მოშორება. ცუდი ჩვევის განადგურების ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გზაა ჩვევების სიახლოვის შემცირება სიგნალთან, რომელიც მას ააქტიურებს.

ეს ხერხი “ქცევის ცვლილების პირველი წესის” შებრუნებული ვარიანტია. ნაცვლად იმისა, რომ გააცხადო, შეგიძლია ის უჩინრად აქციო. ერთ სიგნალს მოაშორებ და მას ხშირად მთელი ჩვევა მიჰყვება.

მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომ თვითკონტროლი ხანმოკლე სტრატეგიაა და არა გრძელვადიანი. თვითკონტროლის ნამდვილი საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ გახადო კარგი ჩვევების სიგნალები მკაფიო, ცუდი ჩვევების სიგნალები კი – უჩინარი.

თუ გსურთ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ, დაიწყეთ არა თვითკონტროლზე მუშაობით, არამედ გარემოს კონტროლით.