ქცევის ცვლილების მთავარი წესი

ქცევის შეცვლა ბევრისთვის რთული და შრომატევადი პროცესია. თუმცა ჯეიმს ქლიერი აღნიშნავს, საკმარისია ჩვევა სასიამოვნო გავხადოთ, რომ ის გავიმეოროთ. შესაბამისად, რადგან ადამიანის ტვინი მიდრეკილია გაიმეოროს ქმედება, რომელიც დადებით გრძნობებთან გვაკავშირებს, ქცევის განსამტკიცებლად აუცილებელია ის სასიამოვნო გავხადოთ.

წარმატებული ქცევითი ცვლილება არ ნიშნავს მხოლოდ უარყოფითის თავიდან აცილებას. მთავარი ის არის, რომ ახალ ჩვევას თან ახლდეს დაუყოვნებელი პოზიტიური ჯილდო. ქლიერი განმარტავს, რომ ჯილდოს მომტან ქცევებს განმეორებითობა ახასიათებს, სხვა შემთხვევაში კი მათზე უარს ვამბობთ.

თუნდაც მცირე აღნიშვნა მიღწეული პროგრესის შესახებ სამუშაო დღის ბოლოს ტვინისთვის სიგნალი იქნება, რომ ჩვევად გამოიმუშავოს მიღწევის შემჩნევა, რაც მისთვის სასიამოვნო იქნება და კვლავ გაიმეორებს. შედეგად პროგრესი უფრო სწრაფი გახდება რადგან, პოზიტიური ემოცია ქცევას ამყარებს, ხოლო უარყოფითი — არღვევს.

ბევრ კარგ ჩვევას შედეგი ხანგრძლივ პერსპექტივაში მოჰყვება. ამიტომ, ის ჯილდოს მისაღებად დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. სამწუხაროდ, ჩვენი ტვინი ხშირად დაუყოვნებელ სიამოვნებას ანიჭებს უპირატესობას, თუნდაც ის გრძელვადიანად საზიანო იყოს.

მაგალითად, საინტერესოა რატომ უნდა გააჭიანუროს თანამშრომელმა პროექტზე მუშაობა, როცა ეს გამოიწვევს სტრესს ბოლო ვადების მოახლოებისას? იმიტომ, რომ გადადება ახლა დროის მოგებად გვეჩვენება, რომ ის სხვა უფრო საჩქარო საქმეს დავუთმოთ და ვიფიქროთ რომ დრო კიდევ გვაქვს მანამ, სანამ ბოლო ვადა ძალიან ახლოს არ იქნება.

ხარისხიანი ჩვევის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა, დაუყოვნებელი ჯილდო გრძელვადიანი მიზნებისკენ სწრაფვისასაც ვიპოვოთ რაც ადამიანის ბუნებასთან თანხვედრაში მოქმედებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანაია კარგ ჩვევას საფუძვლად ედოს წარმატების შეგრძნება. თუნდაც ის მცირედი იყოს, გვაჩვენებს, რომ ჩვენი ძალისხმევა ფუჭად არ დახარჯულა და შედეგის მიღწევა შესაძლებელია. გამოდის, რომ ერთგვარად ის მოტივატორის როლს თამაშობს.

ჩვევისთვის თვალსაჩინო ჯილდოს მიბმა ეფექტური მეთოდია მის შესანარჩუნებლად და გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად. პრაქტიკაში კი ამ სისტემის დანერგვა ლოიალურობის პროგრამას ემსგავსება საკუთარი თავისთვის — ყოველ ჯერზე, როცა სწორი არჩევანი გააკეთე, იღებ ჯილდოს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ამყარებს.

გრძელვადიან ჩვევას საფუძვლად უნდა ედოს სიამოვნება. ჩვევა, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა, დროთა განმავლობაში ნაკლებად საჭიროებს გარე წახალისებას — მას უკვე შიდა მოტივაცია და იდენტობა ამყარებს.

ისეთი მარტივი ელემენტები, როგორიცაა მცირე წარმატების აღნიშვნა ან ვიზუალურად შესამჩნევი პროგრესი (მაგალითად, სპეციალურად შექმნილი დაფა ან ქულების სისტემა), მნიშვნელოვნად ზრდის ქცევის განმტკიცების შანსს. ქცევის ცვლილების სამი მთავარი წესი — სიცხადე, მიმზიდველობა და სიმარტივე — უზრუნველყოფს ქცევის შესრულებას. ხოლო ქცევის სასიამოვნო გამოცდილებად ქცევა ზრდის მის გამეორების ალბათობას, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვევის გრძელვადიან გამყარებას.