არის მომენტები, როდესაც ყველაფერი იდეალურად იწყება. არსებობს შთაგონება, ნათელი მიზანი, მოჭარბებული ენერგია და პირველი დღეები მარტივია, პირველი კვირა და თვეც კი შეიძლება გავაგრძელოთ ქმედება ყოველდღიურობაში. მაგრამ შემდეგ მოდის ერთფეროვანი დღეები, უსიამოვნო ამინდები, დაღლილობა, მოულოდნელი საქმეები და ჩვეული გამართლებები: „დღეს გავაცდენ და ხვალ გავაკეთებ ორმაგად“. შემდეგ ხვალაც იგივე მეორდება და ზუსტად აქ ირღვევა ჯაჭვი.

სწორედ აქ ვლინდება ჩვევის ღრმა ბუნება. არა მისი ჩამოყალიბების პროცესის დასაწყისში, არამედ შემდგომ ეტაპებზე. იქ, სადაც მოტივაცია იკლებს და მხოლოდ გადაწყვეტილება რჩება, გავაგრძელოთ, თუ არა. თითქოს განსაკუთრებული მოტივაცია ან უნიკალური ძალისხმევა გვჭირდება წინსვლისთვის. სინამდვილეში, წარმატება ხშირ შემთხვევაში, სიჩუმეში, ერთფეროვნებაში, რუტინასა და გამეორებაში იბადება მაშინ, როცა არავინ გვიყურებს და არც ჩვენ ვართ საკუთარ თავში დარწმუნებულნი.

ჩვევების ჭეშმარიტი ძალა ის კი არ არის, რომ ისინი ახანგრძლივებენ კარგ დღეებს,არამედ ის, რომ ისინი ცუდ, მტკივნეულ, მოწყენილ დღეებსაც ფუნქციურს ხდიან. ვაგრძელებთ მოძრაობას, მაშინაც კი, როცა წინ გზას ვერ ვხედავთ, როცა იმედი დაკარგული გვაქვს და რწმენა თანდათან შედეგებად იქცევა. არსებობს ერთი ფუნდამენტური განსხვავება პროფესიონალსა და მოყვარულს შორის. პროფესიონალები სისტემურად აკეთებენ იმას, რასაც მოყვარულები მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა სურვილი აქვთ. მოყვარულს შთაგონება მართავს, პროფესიონალს სისტემა. პროფესიონალი წერს მაშინაც, როცა იდეები არ აქვს, კითხულობს მაშინაც, როცა მოსაწყენია.

ოქროსთმიანი გოგონას წესის თანახმად ადამიანებს ყველაზე დიდი შანსი პროგრესისთვის მაშინ აქვთ, როცა ამოცანა არც ძალიან მარტივია და არც ძალიან რთული. ისეთი, რომ გვჭირდებოდეს ძალისხმევა, მაგრამ შეგვეძლოს გადალახვა დიდი წნეხის გარეშე.

ჩვენ არასდროს ვიცვლებით სრულად ერთ დღეში, მაგრამ ყოველდღე შეგვიძლია ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ იმ ადამიანს, ვინც გვინდა რომ ვიყოთ. ჩვევები მაშინ ყალიბდება წარმატებით, როცა ყოველდღე ვცდილობთ ცოტათი გავიზარდოთ არა ერთიანად და სრულყოფილად, არამედ ნელი მაგრამ მდგრადი პროგრესით. მდგრადი ცვლილება ცოველდღიურად შეიძლება ხდებოდეს, მექანიკურადაც კი და ზოგჯერ ერთი პატარა მოქმედება საკმარისია იმისთვის, რომ არ გადავუხვიოთ გზიდან .