როდესაც ვცდილობთ ახალი ჩვევების ჩამოყალიბებას, ხშირად გვგონია, რომ ეს მხოლოდ პირადი ბრძოლაა. ვეუბნებით საკუთარ თავს: „ეს ჩემი საქმეა, თავად უნდა შევძლო.” მაგრამ ჯეიმს ქლიერი გვახსენებს ერთ მნიშვნელოვან დეტალს: ჩვევები იშვიათად ყალიბდება მხოლოდ შიდა მოტივაციით. ხშირად ისინი არის იმ სოციალური სივრცის ანარეკლი, რომელშიც ვიმყოფებით.
მეგობრები, კოლეგები, საზოგადოება — ყველა მათგანი გვაძლევს ხილულ თუ უხილავ სტიმულს. ქლიერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორის მნიშვნელობაზე — ადამიანზე, რომლის წინაშეც ჩვენგან მიღებული პირობა თავისთავად ხდება უფრო მნიშვნელოვანი. თითქოს ჩვევა უკვე მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის, არამედ ეხება სხვასაც.
ქლიერი აღწერს ძალიან საინტერესო მაგალითს: ორი მეგობარი შეთანხმდა, რომ ყოველდღე დარბაზში უნდა მისულიყვნენ. თუ რომელიმე გააცდენდა, მეორე ავტომატურად მიიღებდა ფულად ჯილდოს. ამ პირობაში მთავარი მოტივატორი ფული არ იყო. ბევრად მძლავრად მუშაობდა საჯაროობა და პასუხისმგებლობის ემოციური დისკომფორტი. იმის ცოდნა, რომ ვიღაც გელოდება, რომ შენი ქმედება უკვე მხოლოდ შენი პირადი საქმე აღარ არის.
სოციალური კონტროლის როლი ჩვევებში ხშირად შეუმჩნეველია. გვგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, მთლიანად ჩვენი შინაგანი ნების გამოძახილია. თუმცა ქლიერი გვიჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. ერთ-ერთ კვლევაში, რომელსაც ის იხსენებს, მონაწილეები ორ ჯგუფად გაანაწილეს: ერთ ნაწილს უბრალოდ უთხრეს, რომ უნდა დაეწყოთ ვარჯიში, ხოლო მეორეს დაავალეს, ყოველ კვირას პარტნიორისთვის შეეტყობინებინათ, რამდენად შეასრულეს თავიანთი გეგმა. პირველ ჯგუფში მხოლოდ 35% მიჰყვა ვარჯიშს, მაშინ როცა მეორე ჯგუფში წარმატებას 95%-მა მიაღწია. ეს შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ პასუხისმგებლობის მარტივი სისტემაც კი, მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება, ყოველგვარი სანქციის გარეშე თითქმის სამჯერ ზრდის წარმატების ალბათობას.
მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი არა როგორც ზედამხედველი, არამედ როგორც თანაბარი თანამგზავრი აღვიქვათ. ფსიქოლოგიურად ეს ქმნის ისეთ მდგომარეობას, სადაც ჩვენი სიტყვა უკვე სცდება პირად საზღვრებს და იძენს სოციალურ მნიშვნელობას. ამასთან, ქვეითდება თავის მართლების შანსი: როცა მხოლოდ საკუთარ თავთან ვართ ანგარიშვალდებულნი, ბევრად უფრო ადვილია ვუთხრათ საკუთარ თავს „ხვალიდან დავიწყებ“. მაგრამ როცა ვიცით, რომ ვიღაც გველოდება, იმავეს თქმა ბევრად უფრო რთული ხდება.
ამ პროცესში ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ემოციური შედეგი შეგრძნება, რომ ცვლილების გზაზე მარტო არ ვართ. პასუხისმგებლობის პარტნიორი ამარტივებს ამ გზას: ცვლილება აღარ არის მხოლოდ პირადი ბრძოლა, არამედ ხდება საერთო პროექტი, სადაც იდენტობის განმტკიცებას ვგრძნობთ — შენ ხარ ადამიანი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ამბობს.
ქლიერს მოჰყავს ერთ-ერთი მკითხველის მაგალითი, რომელიც ყოველ დღე სწერდა მეგობარს, რა გააკეთა: რამდენი წაიკითხა, როგორ ივარჯიშა, რამდენი წყალი დალია. ამ მოკლე, არაფორმალურ მიმოწერას არ ჰქონდა შეფასებითი მიზანი. უბრალოდ მეგობარი კითხულობდა. მაგრამ ფაქტი, რომ ვინმე ელოდებოდა ამ წერილს, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩვევა გამყარებულიყო. ქლიერი ამას უწოდებს “Low-Pressure, High-Visibility” სისტემას – გარემოს, სადაც არ არის მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ არსებობს რბილი სოციალური მოტივაცია.
მოთმინების და სიმარტივის პრინციპი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვევების ჩამოყალიბება არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ მოტივაციას. ქლიერის თქმით, წარმატებისთვის საჭიროა სისტემა, რომელიც მუშაობს მაშინაც კი, როცა მოტივაცია ქრება. ასეთ სისტემას ორი საყრდენი აქვს: ფიზიკური გარემო და სოციალური სივრცე. ფიზიკური გარემო ნიშნავს, რომ რაც უფრო ადვილია ჩვევისთვის ხელსაყრელ საგნებთან შეხება მაგალითად, როცა წიგნი დევს ჩვენთან ახლოს და არა ტელეფონი, მით უფრო მეტად გრძელდება ჩვევა. ხოლო სოციალური სივრცე ნიშნავს, რომ ვიღაცას აინტერესებს პროგრესი და უფრო გვიჩნდება სურვილი მივდიოთ ჩვევას.
პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი სწორედ ამ მეორე საყრდენის ნაწილია. ის ქმნის ქცევით გარემოს, სადაც ჩვენი დაპირებები მეტად მნიშვნელოვნად აღიქმება, ხოლო ცვლილების პროცესში თავს მარტოსულად აღარ ვგრძნობთ.
ეს მიდგომა კარგად მუშაობს არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე, არამედ ორგანიზაციებშიც. მაგალითად, თანამშრომლებს შეუძლიათ წყვილებად დაყოფა და კვირაში ერთხელ ერთმანეთისთვის სამი მარტივი შეკითხვის დასმა: რა იყო შენი მიზანი? რა ვერ გამოგივიდა? რას ცდი შემდეგი კვირისთვის? ასეთი საუბრები მკაცრ კონტროლს არ ქმნის პირიქით, ისინი აყალიბებენ მხარდაჭერის კულტურას, სადაც შეცდომები დასჯისთვის კი არ განიხილება, არამედ განვითარებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებმა აღიარონ ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ასრულებენ პარტნიორობის როლს. ასეთი პარტნიორები მხოლოდ საკუთარი პროგრესით არ გამოირჩევიან, ისინი სხვების გზასაც ამარტივებენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ქლიერი ამ სისტემით გვასწავლის, არის ის, რომ ჩვევა ყველაზე ღრმად მაშინ იდგამს ფესვს, როცა იგი მარტო ჩვენ აღარ გვეხება. როცა მისი დარღვევა ნიშნავს სხვა ადამიანისთვის იმედის გაცრუებას თუნდაც ძალიან მეგობრულად. ეს პროცესი კი, არა შიშზე, არამედ, დაფასებასა და თავმდაბლობაზე დგას. სწორედ აქ იწყება ნამდვილი ცვლილება არა იძულებით და ძალისხმევით, არამედ სხვაზე ფიქრით.