იდენტობის ძალა: ჩვევების ტრანსფორმაცია
ადამიანის ჩვევების ცვლილებების განხორციელება გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე ჩანს. ბევრი ფიქრობს, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ გარე მოტივაციით არის შესაძლებელი, მაგრამ ნამდვილი ტრანსფორმაცია საკმაოდ სიღრმისეული პროცესია. ჩვევების შეცვლა რთული ამოცანაა ორი მიზეზის გამო: 1 – არასწორი რამის შეცვლას ვცდილობთ და 2 – ჩვევებს არასწორად ვცვლით.
ამ ბლოგში გვსურვს განვიხილოთ თუ რა იგულისხმება არასწორი რამის შეცვლის სურვილში:
წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ქცევების შეცვლის სამი დონე: შედეგების ცვლილება, პროცესების ცვლილება და იდენტობის ცვლილება. ხანგრძლივ და რეალურ შედეგამდე მივყავართ ჩვევის ცვლილებას იდენტობის დონეზე, რადგან ეს ჩვევა ჩვენს “მე”-სთან არის დაკავშირებული. ქმედებათა ყოველი სისტემის მიღმა ღირებულებათა სისტემა დგას. ამიტომაც ცვლილება იწყება არა გარეგნული ქცევიდან, არამედ შინაგანი რწმენებიდან. ჩვენი ქმედებები უნდა ასახავდეს იმ ადამიანს, რა ტიპის ადამიანიც გვსურს გავხდეთ მომავალში. ქცევა, რომელიც ადამიანთან შეუთავსებელია, დიდხანს ვერ შენარჩუნდება. შეიძლება რაიმე ჩვევა მოტივაციით დავიწყოთ, მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რატომაც მას განვაგრძობთ, არის ის, რომ ის იდენტობის ნაწილი ხდება.
იდენტობა შეიძლება მუშაობდეს როგორც შენს სასარგებლოდ, ასევე შენს საწინააღმდეგოდაც.
როდესაც ერთსა და იმავე შემზღუდავ ნარატივს საკუთარ თავს წლობით ვუმეორებთ, ძალიან იოლი ხდება შეხედულებების ფაქტებად მიღება. (მაგ: ყოველთვის ვაგვიანებ, მათემატიკაში მოვიკოჭლებ…) დროთა განმავლობაში განვიცდით შინაგან წნეხს თვითშეფასების შესანარჩუნებლად. ყოველ ღონეს ვიყენებთ, ოღონდ კი საკუთარ თავთან წინააღმდეგობა ავირიდოთ.
რაც უფრო ღრმადაა დაკავშირებული აზრი თუ ქმედება იდენტობასთან, მით უფრო რთულია მისი შეცვლა. წინსვლისთვის კი, საჭიროა გამუდმებით ვამოწმოთ საკუთარი ღირებულებები, განვავითაროთ და გავაფართოოთ იდენტობა, იმისათვის რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ვიქცეთ.
რადგან იდენტობა ამხელა როლს ასრულებს ქცევების ჩამოყალიბებაში, გვინდა მიმოვიხილოთ მისი ცვლილების გზები:
მუდმივად ერთი და იმავე არჩევანის გაკეთებით, შედეგები არ იცვლება, ყოველთვის ვიღებთ იმას, რასაც წარსულში ვიღებდით. ამიტომ, ცვლილების პროცესის გასაადვილებლად საჭიროა ორი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა:
1. განისაზღვროს, რა ტიპის ადამიანი გსურთ გახდეთ. დაფიქრდით, როგორი პიროვნული მახასიათებლები გსურთ მოიცავდეს თქვენს იდენტობას.
2. მცირედი ქმედებებით დაუმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც გსურთ.
ყოველი მცირე ნაბიჯი, რომელიც თქვენი ახალი იდენტობის გასამყარებლად გადაიდგმება, თქვენს რწმენას გააძლიერებს.
ეს ორმხრივი პროცესია. ჩვევები აყალიბებს იდენტობას, იდენტობა ჩვევებს.
ადამიანის ქცევის ნამდვილი ტრანსფორმაცია იწყება შიდა რწმენა-წარმოდგენების ცვლილებიდან. გაუმჯობესებულ ჩვევებს შეუძლია შეცვალოს შენი წარმოდგენები საკუთარ თავზე და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია რომ იქცე, საჭიროა, გამუდმებით დააკორექტირო შენი ღირებულებები, განავითარო და გააფართოო შენი იდენტობა.