ჩვევების ფსიქოლოგია და მათი შეცვლის ხელოვნება
ადამიანის ტვინი, რომელიც მუდმივად აანალიზებს გარემოს და აგროვებს ინფორმაციას, უნიკალურია. მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვისებაა პერიოდულად განმეორებადი მოვლენების და მნიშვნელოვანი სიგნალების გამოკვეთა, რომლებზეც ავტომატურად რეაგირებს.
ეს პროცესი ერთდროულად როგორც სასარგებლო, ისე პოტენციურად საზიანოა. სასარგებლოა იმით, რომ გვეხმარება ყოველდღიური ამოცანების ეფექტურად შესრულებაში, მაგრამ საზიანო ხდება მაშინ, როცა ქმედებები სრულიად გაუაზრებელია და ქვეცნობიერად ხორციელდება. როგორც კარლ იუნგი აღნიშნავდა, “სანამ ქვეცნობიერს ცნობიერად არ აქცევთ, თქვენს ცხოვრებას ის წარმართავს, თქვენ კი მას ბედისწერად მოიხსენიებთ.”
ჩვენი ქვეცნობიერი მოტივების, ჩვევებისა და რეაქციების გააზრება გვეხმარება თავი დავაღწიოთ შაბლონურ ქცევებს, მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები, ვიზრუნოთ ემოციურ სიჯანსაღეზე და ვიცხოვროთ უფრო მიზანმიმართულად.
ცვლილების სტრატეგიები ხელს გვიწყობენ ამ საკითხების გააზრებაში. გთავაზობთ ერთ-ერთი ეფექტური მეთოდის მიმოხილვას:
ჩვევების შეფასების ცხრილის მეთოდოლოგია
ჩვევების შეფასების ცხრილი წარმოადგენს სისტემურ მიდგომას ქცევის ანალიზისთვის. ამ მეთოდის ეფექტური გამოყენებისთვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გავლა:
ყოველდღიური ჩვევების დეტალური აღწერა და თითოეული მათგანის კატეგორიზაცია:
დადებითი (+): ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას
უარყოფითი (-): აფერხებს განვითარებას
ნეიტრალური (=): არ ახდენს დიდ გავლენას
აღწერისა და კატეგორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია მათი გაანალიზება, რადგან არ არსებობს აბსოლუტურად კარგი ან ცუდი ჩვევები – არსებობს მხოლოდ ეფექტური ჩვევები, რომლებიც პრობლემების ქმედით გადაჭრას უზრუნველყოფს. ჩვევის შეფასებისას საკვანძო კითხვაა: “ეს ჩვევა მეხმარება თუ არა გავხდე ისეთი ადამიანი, როგორიც მსურს რომ ვიყო ?”
ჩვევის ეფექტურობის შესაფასებლად უნდა გავიაზროთ თუ რამდენად გრძელვადიანია იმ ქცევების შედეგი, რომელიც კონკრეტულ ჩვევას მოჰყვება, თავსებადია თუ არა ის პიროვნულ მიზნებთან და რა გავლენას ახდენს ის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მხოლოდ ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ დავიწყოთ ქცევის შეცვლის პროცესი.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცვლილება იწყება არა თვითკრიტიკით, არამედ საკუთარ ქცევებზე დაკვირვებითა და გაცნობიერებით.