„სწორად შერჩეული თამაშის მნიშვნელობა“
ძალისხმევა, დისციპლინა, ჩვევები თითქოს ეს სამი ყველაფერს წყვეტსმ ამიტომ ვიმეორებთ ხოლმე, თუ საკმარისად მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ. მაგრამ თუკი მცდელობის, შრომისა და განვითარების მიუხედავად ვერ ვაღწევთ სასურველს, მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ არასწორ თამაშს ვთამაშობთ.
ჩვენ ყველას გვაქვს უნიკალური მიდრეკილებები: ზოგს სტაბილურობა იზიდავს, სხვას სპონტანურობა; ერთი ყურადღებით უსმენს, მეორეს ენერგიულად მიჰყავს გუნდი. ამ თვისებებს ფესვები შეიძლება გენეტიკაშიც ჰქონდეთ, თუმცა, როგორც გაბორ მათე წერს, „გენებმა შესაძლოა შექმნას წინასწარი მიდრეკილება, ოღონდ არა განსაზღვრული წინაპირობა.“ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნება საზღვრავს ჩარჩოს, მაგრამ არჩევანი მაინც ჩვენს ხელშია. არჩევანი იმისა, სად და როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები.
შესანიშნავი ჩვევებიც კი არ მუშაობს, როცა არასწორ გარემოში ვცდილობთ მათ ჩამოყალიბებას. წარმატება მხოლოდ ძალისხმევაზე არ დგას ის იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეესაბამება მიზანი და გზა ადამიანის ბუნებას. ერთი და იგივე ჩვევა – დილით ადრე გაღვიძება, ან კონცენტრირებული მუშაობა ერთისთვის ბუნებრივია, მეორესთვის კი რთული ამოცანაა. განსხვავების განმაპირობებელია პიროვნების მახასიათებლები და მათი შესაბამისობა ჩვევასთან.
კარიერულადაც ეს ძალზე მნიშვნელოვანია. კარგი ლიდერი არ არის ყველა როლში უნივერსალური. კარგია ის, ვინც პოულობს თამაშს, რომელიც მის ბუნებრივ ტალანტებს ერგება. ვიღაცას პროცესების გამართვა და სისტემების შექმნა გამოსდის, სხვას ინოვაცია და იდეების დაბადება. წარმატებულ გუნდებში ეს განსხვავებები თანხვედრაში მოდის მაგრამ დასაწყისში თითოეულმა უნდა დაინახოს, სად აქვს ბუნებრივი უპირატესობა.
შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ხშირად ჩვენ არ ვართ ცუდი მოთამაშეები. უბრალოდ ვცდილობთ ვითამაშოთ თამაში, რომელიც არ შეეფერება ჩვენს ბუნებას. სწორედ ამიტომ, სანამ ჩვევების ჩამოყალიბებაზე ვიწყებთ ფიქრს და დისციპლინირებულად მის გამომუშავებას მივყვებით, მნიშვნელოვანია შევაფასოთ ვაკეთებთ თუ არა ამას იმ გარემოში, სადაც უნიკალური შესაძლებლობები სრულად გამოყენებული იქნება. თუ პასუხი დადებითია, მაშინ ჩვევა უკვე აღარ იქნება წინააღმდეგობა ის იქცევა ბუნებრივ იარაღად, რომელსაც არა ძალისხმევა, არამედ მხოლოდ მიმართულება სჭირდება.