დღეს, სწრაფად ცვალებად გარემოში, სადაც ქაოსი ჩვეულებად იქცა, წარმატებული ორგანიზაციების მთავარი საიდუმლო ადამიანურ ურთიერთობებშია დაფარული, სადაც გამორჩეული ადგილი ნდობას უჭირავს. ნდობა არის ის უხილავი ძაფი, რომელიც გვაერთიანებს საერთო მიზნის გარშემო და ქმნის სივრცეს, სადაც პასუხისმგებლობა არა შიში, არამედ სიხარულია;
ნდობა არ არის პროდუქტი, რომელიც შეიძლება შეიძინო, ის არც მხოლოდ კომპეტენციას ან კონტროლს ემყარება. ნდობა ჩნდება იქ, სადაც ადამიანები გრძნობენ დაცულობას, სადაც შეცდომა სასჯელს არ ნიშნავს. ნდობა იბადება მაშინ, როცა ლიდერი პირველ რიგში გუნდის წევრებზე ფიქრობს.
ადამიანს ბიოლოგიურად სჭირდება უსაფრთხო გარემო. სტრესი, შიში და დაძაბულობა ბლოკავს ჩვენს კრეატიულობას, გონებრივ სიმტკიცეს და მოტივაციას. ოფისშიც იგივეა თუ გარემო დაუცველია, თანამშრომლები მხოლოდ მინიმუმს აკეთებენ და მალევე კარგავენ ენთუზიაზმს. ლიდერის მთავარი ამოცანაა შექმნას უსაფრთხო წრე, კულტურა, სადაც ყველა გრძნობს მის ადგილს.
ეს გულისხმობს უსაფრთხო წრეს, რომელიც თავისმხრივ პატივისცემას, სამართლიანობას, უკუკავშირის გახსნილობასა და წინდახედულ გადაწყვეტილებებს განაპირობებს. სწორედ ასეთ სივრცეში იბადება ნდობა და როცა ის არსებობს, გუნდი შეუძლებელსაც შეძლებს.
ნდობაზე საუბარი ბევრს შეუძლია, მაგრამ მისი დამტკიცება რთულ მომენტებში ხდება. ლიდერი, რომელიც კრიზისში ამბობს: „ერთად გადავლახავთ“ სწორედ ის აგებს გრძელვადიან ნდობას. ხანდახან ეს ნიშნავს, რომ უნდა თქვა უარი მოკლევადიან მოგებაზე და სწრაფ გადაწყვეტილებაზე, რომ არ დაკარგო თანამშრომელი და მოუსმინო გუნდს. როცა ლიდერი ყოველდღიურად ირჩევს ადამიანურობას გუნდი პასუხად ნდობას აბრუნებს, რაც ხდება კომპანიის ყველაზე მძლავრი საფუძველი.
თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სიმართლეა ის, რომ რაც უფრო მეტ კონტროლს მიმართავ, მით ნაკლებ ნდობას იმკი, რადგან კონტროლი შიშზეა დაფუძნებული, ნდობა თავისუფლებაზე. ყველაზე ძლიერი გუნდები ყოველთვის იქმნება მაშინ, როცა ადამიანები ერთმანეთს ენდობიან. ამის გარეშე გუნდი უბრალოდ ადამიანების ჯგუფია. ნდობით ისინი იქცევიან ცოცხალ სისტემად, რომელიც დაბრკოლებაზე არ ინგრევა, არამედ ძლიერდება. სანამ ადამიანი არ იგრძნობს, რომ მის გვერდით დგას ლიდერი, მას ვერ გაყვება იდეით და მითუმეტეს ბოლომდე ვერ ენდობა. ნდობა არ არის მექანიზმი ის არის საფუძველი. ამიტომ, ვინც ნდობას აჩენს, მან იცის, როგორ აქციოს გუნდი ერთიან ძალად.
ნდობა იწყება კომუნიკაციიდან, როდესაც გულწრფელი საუბარი ნორმად იქცევა და არა გამონაკლისად. როცა გუნდის წევრებს აქვთ განცდა, რომ მათ შეუძლიათ მშვიდად გააზიარონ საკუთარი აზრები, ეჭვები ან იდეები, ეს ქმნის კულტურას, რომელიც პატივისცემასა და მხარდაჭერაზეა დაფუძნებული. მაგალითად, როცა კვირაში ერთხელ თანამშრომლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თითოეულმა ისაუბროს იმაზე, რას გრძნობს, რა უჭირს ან რა ეხმარება, ეს ეხმარება ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას.
ნდობას აძლიერებს პასუხისმგებლობის გაზიარებაც, როდესაც გუნდის წევრები გრძნობენ თავიანთ მნიშვნელობას, ნდობა ბუნებრივად იზრდება. ერთ-ერთი ეფექტური მიდგომა შეიძლება იყოს ისეთი ჩარჩო, როგორიცაა Ownership Matrix — ამოცანების ისე გადანაწილება, რომ ყველას ჰქონდეს თავისი როლი და პასუხისმგებლობა საერთო საქმეში. ეს ხელს უწყობს გუნდურობას, ამცირებს “დამნაშავის ძებნის” საჭიროებას და ზრდის ურთიერთპატივისცემას.