წარმატებული კომპანიები, ერთი შეხედვით, ჰგვანან ერთმანეთს – ძლიერი ლიდერები, გამართული სტრატეგია, ინოვაციური პროდუქტები. თუმცა, მათ შორის არსებობს განსხვავება, თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა აქვს თუ როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზანს ყოველდღიური ნაბიჯებით. შეიძლება გვქონდეს შთაგონების წყარო, დიდი მიზანი, ღირებული იდეა, გულწრფელი სურვილი, მაგრამ თუ არ ვიცით, როგორ გადავაქციოთ ეს მიზანი ყოველდღიურ გადაწყვეტილებად, ქმედებად, ქცევად, მაშინ ყველაფერი იდეად რჩება.
საინტერესოა, რომ ყველაზე ძლიერი ‘რატომ’ ვერ იარსებსებს მოქმედების სტრუქტურის, ‘როგორ’-ის გარეშე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უტყუარი შინაგანი კომპასი აქვთ, ხედავენ გზას და იციან როგორ იარონ ამ გზაზე. ეს „როგორ“ ხშირად ფორმირდება რწმენებად და პრინციპებად, რომლებიც გზას გვიჩვენებს, როცა მიმართულება ბუნდოვანია და სწორედ აქ არის იმის გააზრება მნიშვნელოვანი, რომ მხოლოდ „როგორ“-ის ცოდნა არ კმარა. ის კომპანიის კულტურის ფუნდამეტად უნდა იქცეს, რადგან როცა გუნდი იზრდება და კომპანიის კულტურა ფართოვდება, მნიშვნელოვანია შიდა პრინციპების შენარჩუნება. ამიტომ, გუნდში უნდა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც პასუხისმგებლობას იღებენ „როგორ“-ების დაცვასა და განხორციელებაზე. დროის სვლასთან ერთად, სწორედ ეს ადამიანები და ეს პრინციპები გვახსენებენ, საით მივდიოდით.
იმისთვის, რომ იდეები რეალურ ქმედებად იქცეს, საჭიროა ფრთხილი და გულწრფელი დაკვირვება ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. მნიშვნელოვანია, არამხოლოდ დანახვა, არამედ გააზრება როგორ ეხმიანება შენი მოქმედება იმ ღირებულებებს, რომლებიც გუნდისთვის მნიშვნელოვანია და რაზეც ის გრძელვადიანად დგას. სწორედ ეს ფიქრი და გააზრება ქმნის გზას დიდი მიზნისა და ყოველდღიური პრაქტიკის რეალურ კავშირს შორის, ამ გზის გადავლით კი იდეები სიცოცხლეს იძენენ და ცვლილებად იქცევიან.
PACT ჩარჩო წარმოადგენს პრაქტიკულ და მოქნილ ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება გუნდს „რატომ“-ის ყოველდღიურ „როგორ“-ად გარდაქმნაში. პირველ ეტაპზე განსაზღვრეთ მიზანი და მისია (Purpose) ის ღირებულებითი საფუძველი, რომელიც თქვენი იდეის ან საქმიანობის გულისცემაა. შემდეგ ჩამოაყალიბეთ კონკრეტული მოქმედებები (Actions) ყოველდღიური ქმედებები, რაც ამ ღირებულებას პრაქტიკაში აქცევს. შემდეგი საფეხურია მიმდევრულობა (Consistency) ის რიტუალები, ჩვევები ან გუნდური შეთანხმებები, რაც უზრუნველყოფს ამ ქმედებების მუდმივ განხორციელებას. და ბოლოს, დაამატეთ მარტივი მონიტორინგის მექანიზმი (Tracking), რომელიც დაგეხმარებათ გააზრებაში, რამდენად ქმნის ეს პროცესი რეალურ ცვლილებას და რამდენად მიდიხართ მიზნისკენ. PACT ქმნის ციკლურ და ცოცხალ პრაქტიკას, რომელსაც ყოველდღიური გადაწყვეტილებები, ღირებულებები და ხედვა ერთმანეთთან თანხვედრაში მოყავს. PACT სასარგებლო ინსტრუმენტია მათთვის, ვინც მხოლოდ მიზნის დასახვას არ სჯერდება და აცნობიერებს, რომ ყოველდღიური ქმედება, მისი გამეორება გარდაქმნის იდეას კულტურად.