ავტომატიზაციის საწყისი ნაბიჯები:
ბევრი ფიქრობს, რომ ავტომატიზაცია ინსტრუმენტებით იწყება რეალურად პროცესი იწყება ბევრად უფრო მარტივი კითხვით: სად ვკარგავთ დროს ისე, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ? ორგანიზაციებში დრო ყველაზე ხშირად იკარგება არა დიდ სტრატეგიულ შეცდომებზე, არამედ პატარა, ყოველდღიურ, განმეორებად ქმედებებზე. იმ წვრილმანებზე, რომლებსაც იმდენად შევეჩვიეთ, რომ მათ აღარც კი ვაქცევთ ყურადღებას. წარმოიდგინეთ გუნდის ერთი დღე. ერთი თანამშრომელი ახარისხებს ინვოისებს, მეორე ეძებს დაკარგულ ფაილს, მესამე იმეორებს ინფორმაციას, რომელიც უკვე რამდენჯერმე აქვს ნათქვამი. ცალ-ცალკე ეს ქმედებები წუთებს გრძელდება, მაგრამ ერთად აღებული, ისინი კვირაში საათებს ართმევენ კომპანიებს. სწორედ ეს “პატარა” პროცესები ქმნის დიდ ოპერაციულ გადატვირთვას ორგანიზაციებში და სწორედ მათი იდენტიფიცირებით უნდა დაიწყოს ავტომატიზაცია. გიზიარებთ იმ 10 პროცესს რომელსაც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვხვდებით და მათი თავიდან არიდებით შესაძლებლობა გვაქვს ენერგია სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეს დავუთმოთ.
1. ელფოსტიდან ამოცანების ხელით შექმნა
წარმოიდგინეთ სტანდარტული სამუშაო დღე: მოდის წერილი კლიენტისგან ან კოლეგისგან, რომელიც დავალებას მოიცავს შემდეგ ხსნის Task Management-ის სისტემას და იწყებს ხელით შეყვანას: სათაური, აღწერა, ვადა, პასუხისმგებელი პირი.
ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ 2-3 წუთია, მაგრამ პრობლემა ბევრად ღრმაა, ვიდრე დახარჯული დრო. ეს ორმაგი სამუშაო თავისთავად ატარებს პრობლემების მთელ ჯაჭვს. როდესაც ინფორმაცია ერთი სისტემიდან (ელფოსტა) მეორეში (დავალებების მენეჯერი) ხელით გადადის, ადამიანური ფაქტორი ერევა, მეტია ალბათობა შეცდომების დაშვებისა. შედეგად, დავალებები იკარგება, ვადები გადაიწევს და ყალიბდება არასტრუქტურირებული სამუშაო პროცესი, სადაც ვერავინ ხედავს სრულ სურათს.
რეალური ზიანი არის ის, რომ დრო იხარჯება რუტინულ პროცესებზე. თანამშრომელი, რომელსაც შეეძლო კლიენტზე ზრუნვა ან სტრატეგიული ამოცანების გადაჭრა, იძულებულია მოცდეს და დრო დახარჯოს მონაცემთა გადატანაზე.
ამ პროცესის ავტომატიზაციას შეუძლია ფუნდამენტურად შეცვალოს სიტუაცია. წარმოიდგინეთ, რომ ელფოსტიდან კონკრეტული ტიპის შეტყობინება (მაგალითად, გარკვეული სათაურით ან გამომგზავნით) ავტომატურად იქცეს ამოცანად. სისტემა თავად ქმნის დავალებას, ანიჭებს პასუხისმგებელ პირს (მაგალითად, წერილის მიმღებს ან წინასწარ განსაზღვრულ როლს) და ადგენს ვადას. ადამიანს რჩება მხოლოდ კონტროლი და შესრულება.
თუმცა, სანამ ტექნოლოგიების დანერგვას დაიწყებთ, გირჩევთ, პირველ ეტაპზე უბრალოდ დააკვირდეთ პროცესს. ერთი კვირის განმავლობაში ჩაწერეთ, დღეში რამდენი წერილი მოითხოვს დავალების შექმნას. თუ აღმოაჩენთ, რომ ეს რიცხვი დღეში 5-10-ს აღწევს, ეს უკვე არის სიგნალი იმისა, რომ თქვენი ბიზნესი მზად არის ამ კონკრეტული პროცესის ავტომატიზაციისთვის.
2. ინვოისების ხელით გენერაცია და გაგზავნა
ინვოისი არ არის შემოქმედებითი პროცესი, ის არის სტანდარტიზირებადი ოპერაცია.
ინვოისის ავტომატურად შექმნა იწყება მაშინ, როცა წინასწარ განსაზღვრული ტრიგერი აქტიურდება, მაგალითად: პროექტის დასრულება, თვის დასრულება ან გადახდის ეტაპის დადგომა. ტრიგერების წინასწარი განსაზღვრით კი შესაძლებელი იქნება რომ ამ მოვლენების შესაბამისი ავტომატური ქმედებები განხორციელდეს. ასეთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე აგებული სისტემა ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, პროცესები ავტომატურად და ადამიანის მუდმივი ჩარევის გარეშე მართოს.
3. შეხვედრების კოორდინაცია
ორმხრივი მიმოწერა დროის შესათანხმებლად და დაგვიანებული პასუხების მოლოდინი ისეთი რუტინაა, რომელსაც ვერც კი ვაცნობიერებთ რამდენ დროს გვართმევს. ამ დროითი ხარჯის შემცირების საუკეთესო გზა კი სტრუქტურაა. კვირის ჭრილში განსაზღვრეთ ის დროითი ჩარჩო როდესაც შეხვედრების ჩატარება ნამდვილად შეგიძლიათ. თქვენი მკაფიო ჩარჩოს განსაზღვრა კი დაგეხმარებათ პროცესს მარტივად დაუმატოთ ავტომატური დაჯავშნის სისტემა – Calendly ან მსგავი ინსტრუმენტი. მაშინ, როცა ვინმე შეხვედრას მოითხოვს, თქვენ უგზავნით ბმულს, სადაც პირდაპირ ხედავს თქვენს თავისუფალ დროს და ირჩევს მისთვის მოსახერხებელ მონაკვეთს. მიმოწერა მთლიანად ქრება და რაც მთავარია, თქვენ აღარ ხართ ის ადამიანი, ვინც სხვის განრიგს ერგება – თქვენ გაქვთ მკაფიო საზღვრები, რომლებსაც სისტემა იცავს.
4. მონაცემების ხელით გადატანა სისტემებს შორის
CRM-დან მონაცემების ამოღება ბუღალტრულ პროგრამაში შესაყვანად, Excel-ს ცხრილიდან მონაცემების მარკეტინგულ პლატფორმაში გადატანა ბევრ კომპანიაში ყოველდღიურობის ნაწილია, იმდენად, რომ ეს პროცესები სამუშაოს ნაწილად აღიქმება. სინამდვილეში კი, ამ დროს თქვენი თანამშრომელ აკეთებს იმას, რაც მანქანას ბევრად ზუსტად და სწრაფად შეუძლია. ყოველ ჯერზე, როცა მონაცემები ხელით გადადის, იზრდება შეცდომის ალბათობა. ერთმა არასწორად გადმოწერილმა ციფრმა, ერთმა გამოტოვებულმა სტრიქონმა შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს – არასწორი ანგარიშები, დაგვიანებული გადახდები, უკმაყოფილო კლიენტები. ავტომატიზაციისკენ პირველი ნაბიჯი აქ მარტივია: განსაზღვრეთ მონაცემების ერთიანი წყარო. გადაწყვიტეთ, რომელ სისტემაში შეიქმნება, განახლდება და შეინახება ინფორმაცია. ეს შეიძლება იყოს თქვენი CRM, ან ბუღალტრული პროგრამა, ან რომელიმე სხვა პლატფორმა. როგორც კი ეს სივრცე გამოიკვეთება, დანარჩენი სისტემები უკვე შეგიძლიათ მას მოარგოთ. Zapier-ით, Make-ით ან პირდაპირი API ინტეგრაციებით დაამყაროთ კავშირი – რათა მონაცემები, რომელიც ერთხელ შეიყვანეთ ერთ სისტემაში, ავტომატურად გამოჩნდეს ყველგან, სადაც საჭიროა. შედეგად, მონაცემები მხოლოდ ერთხელ იწერება, შეცდომები ნულდება, დრო კი თავისუფლდება – ანალიზისთვის, გადაწყვეტილებების მიღებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
5. ყოველკვირეული ანგარიშების ხელით მომზადება
გაყიდვების მაჩვენებლების შეგროვება, ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება, მონაცემების ანალიზი, არის ყოველკვირეული რუტინა, რომელსაც საათები სჭირდება. ავტომატიზაცია ამ პრობლემის არმოფხვრის საშუალებასაც გვაძლევს ისე, რომ მონაცემი მუდმივად განახლებადი იყოს. თუმცა სანამ ავტომატიზაციაზე იფიქრებთ, მნიშვნელოვანია საზომების სწორად განსაზღვრა და დადასტურება. როცა ძირითადი მაჩვენებლები გამოიკვეთება, შეგიძლიათ ინფორმაცია სხვადასხვა სისტემიდან ავტომატურად ამოიღოთ და ერთ სივრცეში მოაქციოთ. Google Data Studio, Power BI ან უბრალოდ ავტომატურად განახლებადი ცხრილი – ამ ხელსაწყოებს შეუძლიათ მონაცემები სხვადასხვა პლატფორმებიდან ერთიან ანგარიშში ჩაამატონ. Excel-ის ხელით გახსნის ნაცვლად, თქვენი მენეჯერი ხსნის მზა, ავტომატურად განახლებულ დაფას, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ციფრი უკვე ჩანს. რიცხვების შეგროვების ნაცვლად, ადამიანური რესურსი პირდაპირ მათ ანალიზზე იხარჯება
6. ფაილების დალაგება და გადანაწილება
ფაილებში ქაოსი პროდუქტიულობას ამცირებს, ძიების დროს ზრდის და გაურკვევლობას ქმნის — არავინ იცის, სად ინახება მონაცემების უახლესი ვერსია. მთავარი წესი, რომელიც აქაც მოქმედებს არის ის რომ, ქაოსის ავტომატიზაცია შეუძლებელია და სანამ რაიმეს ავტომატურად გადაანაწილებთ, ჯერ თქვენ უნდა დაამკვიდროთ წესრიგი. დაიწყეთ ორი მარტივი ნაბიჯით: დაამტკიცეთ ფაილების სახელდების ერთიანი სტანდარტი (მაგ. “პროექტი_თარიღი_ვერსია”) და შექმენით საქაღალდეების ლოგიკური სტრუქტურა. როცა ეს ჩარჩო გექნებათ, შეგიძლიათ დააყენოთ ავტომატური წესები (მაგ. ფაილის გარკვეულ საქაღალდეში ჩაგდებით ის ავტომატურად გადაინომროს ან კონკრეტული ტიპის ფაილები მითითებულ ადგილას განთავსდეს). საბოლოოდ, ნებისმიერი ფაილი იოლად მოსაძებნია, ვერსიები არ ირევა, ხოლო განმეორებადი ოპერაციები თავისით სრულდება.
7. განმეორებად კითხვებზე პასუხი
თუ ერთი შინაარსის კითხვები ხშირად ჩნდება და მათზე პასუხებს ყოველდღე წერთ, თქვენ ფაქტიურად FAQ-ის მოვალეობას ასრულებთ. პრობლემაც რთულად შესამჩნევია, რადგან კონკრეტული პასუხის გაცემას მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება. მაგრამ ათი ასეთი წუთი დღეში უკვე საათია, კვირაში – ხუთი საათი და ა.შ. ერთი კვირის განმავლობაში უბრალოდ ჩაინიშნეთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები. თუ ერთი და იგივე კითხვა რამდენჯერმე მეორდება, ის აღარ უნდა იყოს თქვენი პირადი პასუხის საგანი. გამოსავალი შეიძლება იყოს მარტივი FAQ გვერდი საიტზე, ან შეტყობინებების შაბლონი, რომელსაც ერთი დაწკაპუნებით გამოიყენებთ. უფრო მოწინავე შემთხვევაში – ჩატბოტი, რომელიც სწორედ ასეთ კითხვებს გასცემს პასუხებს.
8. პროექტის სტატუსის ხელით განახლება
თუ სტატუსის გასარკვევად რამდენიმე ადამიანს უნდა მიწეროთ, პასუხებს ელოდოთ და შემდეგ ეს ინფორმაცია გააერთიანოთ, ამაში დრო იკარგება და გაურკვევლობა იზრდება. აქაც მოქმედებს იგივე პრინციპი: სანამ პროცესის ავტომატიზაციას განახორციელებთ, უნდა დაამკვიდროთ ერთიანი წყარო. განსაზღვრეთ ადგილი (მაგ. Trello, Asana, Jira ან გუნდის ცხრილი), სადაც ყველა ვალდებული იქნება, სტატუსი განაახლოს. თუ ინფორმაცია ელფოსტებში, ჩატებსა და შეტყობინებებშია გაფანტული, ავტომატიზაცია ვერ იმუშავებს. როცა მონაცემები ერთ სივრცეში თავს მოიყრის, უკვე შეგიძლიათ დააყენოთ ავტომატური შეტყობინებები, პერიოდული ანგარიშები ან სტატუსის ვიზუალიზაცია.
9. ხელით შესრულებული შეხსენებები
როდესაც გადახდის, ვადის ან შეხვედრის შეხსენება, ადამიანის მეხსიერებაზეა დამოკიდებული, ასეთი მიდგომა ადრე თუ გვიან იწვევს გადაცილებულ ვადებსა და შეცდომებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად: ჩამოწერეთ ყველა პროცესი, რომელიც დროზეა მიბმული: გადახდები, ანგარიშების ჩაბარება, კონტრაქტების განახლება, შეხვედრები — თუ ვადა წინასწარ პროგნოზირებადია, ის უკვე შეიძლება ავტომატიზირდეს. კალენდარული შეხსენებები, ტასკ-მენეჯერების ავტომატური შეხსენებები ან სპეციალიზებული ინსტრუმენტები ადამიანური შეცდომის ფაქტორს მთლიანად გამორიცხავს.
10. Onboarding პროცესი
ახალი თანამშრომლის ან კლიენტის ონბორდინგის პროცესი ხშირად ყოველ ჯერზე თავიდან იწერება: იგზავნება იგივე ინსტრუქციები, იქმნება წვდომები, მეორდება ახსნა-განმარტებები, რაც დიდ დროს მოითხოვს და შედეგიც არაერთგვაროვანია.
გამოსავალი მარტივია: ერთხელ ჩამოწერეთ ონბორდინგის სტანდარტული ნაბიჯები. რა იგზავნება პირველ დღეს? რა წვდომები უნდა შეიქმნას? რა ტრენინგები უნდა ჩატარდეს? როცა პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერილი გაქვთ, მისი იდენტური ნაწილები ადვილად გადაიქცევა შაბლონებად, ჩეკლისტებად და, საბოლოოდ, ავტომატურ სამოქმედო ჯაჭვად. შედეგად ყველა იღებს ერთნაირ, სრულ ინფორმაციას, პროცესი კი მინიმალურ ჩარევას მოითხოვს.
როდესაც ავტომატიზაციაზე ვსაუბრობთ, ბევრს წარმოუდგენია რთული ინტეგრაციები, ხელოვნური ინტელექტი და ძვირადღირებული პროგრამული უზრუნველყოფა. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ავტომატიზაცია, უპირველეს ყოვლისა, არის პროცესის გამჭვირვალობა და დისციპლინა. სანამ ინსტრუმენტის შერჩევაზე იფიქრებთ, დაუსვით საკუთარ თავს ერთადერთი კითხვა: “თუ ხვალ ეს პროცესი უნდა ავუხსნა ახალ თანამშრომელს, რამდენ ნაბიჯში შევძლებ ამის გაკეთებას?” თუ პასუხი ბუნდოვანია, მაშინ ჯერ ოპტიმიზაციაა საჭირო. ვერაფერს გააუმჯობესებთ, რისი გაზომვაც შეუძლებელია და ვერაფერს გაამარტივებთ, რაც არ ბუნდოვანია. თუ პროცესი ნათელია, თუ შეგიძლიათ მისი ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნა მკაფიოდ და მარტივად – მაშინ ავტომატიზაცია არამხოლოდ შესაძლებელია, არამედ გარდაუვალიცაა. ავტომატიზაციის ინსტრუმენტები მხოლოდ მაშინ მუშაობს ეფექტურად, როცა მათ უკან მოწესრიგებული პროცესები დგას.
პროცესების იდენტიფიცირება მხოლოდ დასაწყისია. თუმცა, ავტომატიზაციის სრული ეფექტურობისთვის სხვა ნიუანსების ცოდნაც აუცილებელია. გაეცანი SMART Support-ის ბლოგებს ავტომატიზაციაზე, სადაც იპოვით დეტალურ ინსტრუქციებს შეცდომების თავიდან აცილებისა და მართვის მოქნილი მოდელების შესახებ.