რა არის Quiet Hiring  და რატომ იძენს პოპულარულობას

ბოლო წლებში სამუშაო ძალის მართვის მიდგომები მნიშვნელოვნად იცვლება. კომპანიები სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობიან მხოლოდ გარე რეკრუტინგს და ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ უკვე არსებული რესურსი.

ამ კონტექსტში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა ტერმინი Quiet Hiring.

რა არის Quiet Hiring, როდესაც ორგანიზაცია საჭირო უნარებს ავსებს ახალი თანამშრომლების დაქირავების გარეშე არსებული თანამშრომლების შიდა გადაადგილებით, ახალი პასუხისმგებლობების გადანაწილებით ან მათი გადამზადებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანია ჯერ „შიგნით ეძებს პასუხს“, და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს გარე ბაზარს. Quiet Hiring-ის პოპულარობა პირდაპირ უკავშირდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ორგანიზაციები დგანან.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის უნარების დეფიციტი შრომის ბაზარზე. ბევრ სფეროში, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ მიმართულებებში, შესაბამისი სპეციალისტების მოძიება სულ უფრო რთული ხდება. შედეგად, კომპანიები იწყებენ იმ რესურსის უფრო ღრმა გაანალიზებას, რომელიც უკვე ჰყავთ.

ამას ემატება რეკრუტინგის მაღალი ღირებულება. ახალი თანამშრომლის მოძიება, შერჩევა და ადაპტაცია არა მხოლოდ ფინანსურად ძვირია, არამედ დროშიც გაწელილი პროცესია. ამიტომ ბევრ ორგანიზაციას ურჩევნია არსებული გუნდის გაძლიერება, ვიდრე ახალი ადამიანების მოძიება.

ეკონომიკური გაურკვევლობაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბოლო წლებში ბევრმა კომპანიამ შეამცირა hiring გეგმები, თუმცა ბიზნესის საჭიროებები არ შემცირებულა. სწორედ ამ პირობებში Quiet Hiring გახდა პრაქტიკული გამოსავალი.

ამ ტენდენციას ადასტურებს მონაცემებიც — 2024 წლისთვის კომპანიების 68%-მა გააძლიერა შიდა მობილობის პროგრამები, ხოლო 41%-მა ნაწილობრივ შეამცირა გარე რეკრუტინგი, რათა არსებული თანამშრომლების გამოყენებით შეევსო უნარების დეფიციტი.

Quiet Hiring როგორც განვითარების შესაძლებლობა

მიუხედავად იმისა, რომ Quiet Hiring ხშირად აღიქმება როგორც ხარჯების ოპტიმიზაციის ინსტრუმენტი, რეალურად მას აქვს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალიც.

როდესაც თანამშრომლები ერთვებიან ახალ პროექტებში ან იღებენ განსხვავებულ პასუხისმგებლობებს, მათ ეძლევათ შესაძლებლობა:
– შეიძინონ ახალი უნარები
– გაიფართოვონ პროფესიული გამოცდილება
– უფრო სწრაფად განვითარდნენ კარიერულად

სწორედ ამიტომ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს Quiet Hiring დააკავშიროს სწავლებისა და განვითარების პროგრამებთან, რათა ეს პროცესი იყოს არა მხოლოდ საჭიროების დაკმაყოფილება, არამედ ზრდის შესაძლებლობაც.

თუმცა Quiet Hiring ყოველთვის ერთნაირად პოზიტიურად არ აღიქმება თანამშრომლების მხრიდან.

ზოგიერთ შემთხვევაში ეს მიდგომა შეიძლება აღქმული იყოს როგორც დამატებითი დატვირთვა და მეტი პასუხისმგებლობა იგივე ან შეუცვლელი კომპენსაციის პირობებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი როლი არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ან არ შეესაბამება თანამშრომლის რეალურ ინტერესებს.

კვლევებიც აჩვენებს ამ სირთულეს — თანამშრომლების დაახლოებით 80% აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც აღმოჩენილა Quiet Hiring-ის მსგავს სიტუაციაში, თუმცა მათი ნაწილი მიუთითებს, რომ ახალი პასუხისმგებლობები ყოველთვის არ შეესაბამებოდა მათ უნარებს ან მოლოდინებს. ეს მონაცემი ეფუძნება Indeed Hiring Lab-ის კვლევასა და Indeed-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ანალიზს, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოკითხვას (ათიათასობით რესპონდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან), სადაც აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 80%-ს ჰქონია მსგავსი გამოცდილება .

ამიტომ Quiet Hiring-ის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად მართავს HR ამ პროცესს რამდენად გამჭვირვალეა ცვლილებები და რამდენად სამართლიანად ნაწილდება პასუხისმგებლობები.

რას შეიძლება ნიშნავდეს Quiet Hiring ქართულ ბიზნეს გარემოში

ქართულ ბაზარზე Quiet Hiring ჯერ კიდევ ნაკლებად ფორმალიზებული კონცეფციაა, თუმცა მისი ელემენტები პრაქტიკაში უკვე ხშირად გვხვდება.

ბევრ ორგანიზაციაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, თანამშრომლები ასრულებენ ერთზე მეტ ფუნქციას და ერთვებიან სხვადასხვა მიმართულებაში. ეს კი რეალურად Quiet Hiring-ის ერთ-ერთი ფორმაა.

ამ მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც:
– სწრაფად იზრდებიან
– მუშაობენ პროექტებზე დაფუძნებულ მოდელში
– საჭიროებენ მრავალმხრივ და ადაპტირებად თანამშრომლებს

შეჯამება

თანამედროვე შრომის ბაზარი სულ უფრო მეტად მოითხოვს ორგანიზაციებისგან მოქნილობასა და სწრაფ ადაპტაციას. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე Quiet Hiring იქცა სამუშაო ძალის მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიდგომად.

ეს მოდელი კომპანიებს საშუალებას აძლევს სწრაფად შეავსონ საჭირო უნარები, უკეთ გამოიყენონ არსებული რესურსი და ამავდროულად შეამცირონ რეკრუტინგის ხარჯები. თუმცა მისი ეფექტური გამოყენება მოითხოვს სწორ ბალანსს — მნიშვნელოვანია, რომ ახალი პასუხისმგებლობები თანამშრომლებისთვის რეალური განვითარების შესაძლებლობად იქცეს და არა მხოლოდ დამატებით დატვირთვად.

ბიზნეს გარემოს სწრაფი ცვლილებების პირობებში კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის გააზრება, რომ ორგანიზაციის ყველაზე ღირებული რესურსი ხშირად უკვე მუშაობს მის შიგნით. სწორედ ამიტომ Quiet Hiring შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ორგანიზაციებს დაეხმარება სამუშაო ძალის უფრო სტრატეგიულ და მოქნილ მართვაში.

Quiet Hiring მხოლოდ ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებიც წელს სამუშაო გარემოს ცვლის. თუ გსურთ გაიგოთ, კიდევ რა მიმართულებები იქნება აქტუალური მიმდინარე წელს, გაეცანით ჩვენს ვრცელ მიმოხილვას: HR ტრენდები 2026 წელს. აქ ნახავთ ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც დამსაქმებლებმა და კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ.

Quiet Hiring-ის ეფექტური იმპლემენტაციისთვის გადამწყვეტია გუნდის უნარების მუდმივი განვითარება. თუ გსურთ, თავად დაეუფლოთ თანამედროვე მართვის მეთოდებს, გაეცანით ჩვენს HR კურსებს, სადაც პრაქტიკულ ცოდნას მიიღებთ