Workforce Anxiety, როგორც HR-ის გამოწვევა
წლების განმავლობაში სამუშაო სამყაროში კონკურენცია საკმაოდ გასაგები იყო. კომპანიები ეძებდნენ საუკეთესო კანდიდატებს. თანამშრომლები ცდილობდნენ კოლეგებზე უკეთესი შედეგები ეჩვენებინათ, პროფესიონალები კი ახალ უნარებს იძენდნენ, რათა კარიერულად წინ წასულიყვნენ.
დღეს შრომის ბაზარზე რაღაც სრულიად ახალი ხდება. ბევრი ადამიანი საკუთარ თავს აღარ ადარებს სხვა თანამშრომელს. ის საკუთარ მომავალ ვერსიას ადარებს და სწორედ აქ იწყება სამუშაო ძალის შფოთვა, იგივე Workforce Anxiety.
“თუ დღეს ჩემი სამუშაო კარგად გამომდის, იქნება კი იგივე საკმარისი ორ წელიწადში?”
“თუ დღეს წარმატებული ვარ, იქნება თუ არა ჩემი უნარები ღირებული ხუთი წლის შემდეგ?”
“თუ ჩემი პროფესია არ ქრება, მაგრამ მთლიანად იცვლება, შევძლებ კი ადაპტაციას?”
AI-ის ეპოქაში ეს შფოთვა სულ უფრო ნაკლებად უკავშირდება უბრალოდ სამსახურის დაკარგვას და სულ უფრო მეტად — საკუთარი პროფესიული იდენტობის დაკარგვის შიშს. პირველად ისტორიაში ადამიანები აღარ არიან დარწმუნებულები, რას უნდა დაეწიონ. ათწლეულების განმავლობაში კარიერული განვითარება საკმაოდ პროგნოზირებადი იყო. ადამიანმა დანამდვილებით იცოდა, რა უნდა ესწავლა, რა გამოცდილება უნდა დაეგროვებინა და როგორი იყო მისი წარმატების გზა.
დღეს ეს სიცხადე მნიშვნელოვნად შემცირდა. საინტერესოა, რომ თანამედროვე პროფესიონალები ინფორმაციის დეფიციტს კი არა, ინფორმაციის სიჭარბეს განიცდიან. ისინი ყოველდღე ხედავენ სტატიებს იმის შესახებ, რომ თითქოს AI ჩაანაცვლებს ან სრულიად ახალ პროფესიებს შექმნის, რომ მომავალში სრულიად სხვა უნარები იქნება საჭირო და კომპანიები უნარებზე დაფუძნებულ (skills-based) მოდელზე გადადიან. პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფრიდან რთულია იმის გაგება, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ხვალ. შედეგად ვიღებთ მდგომარეობას, სადაც ადამიანები აცნობიერებენ ცვლილების გარდაუვალობას, მაგრამ არ იციან, კონკრეტულად როგორ უნდა შეიცვალონ.
რატომ არის ეს HR-ის პრობლემა და არა მხოლოდ ინდივიდის?
Workforce Anxiety ხშირად პერსონალურ პრობლემად აღიქმება, თითქოს ეს მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლის ემოციური მდგომარეობაა. რეალურად კი ის მწვავე ორგანიზაციული საკითხია. როდესაც ადამიანებს მომავლის მიმართ გაურკვევლობა უჩნდებათ, ეს პირდაპირ აისახება გადაწყვეტილებების მიღებაზე, ახალი ინიციატივების წამოწყებაზე, საქმეში ჩართულობასა და კარიერულ არჩევანზე.
საინტერესოა, რომ ბევრ ორგანიზაციაში თანამშრომლები AI-ს დანერგვას ეწინააღმდეგებიან არა იმიტომ, რომ არ მოსწონთ სიახლე ან უკვე ნასწავლი მეთოდით ურჩევნიათ საქმის შესრულება, არამედ იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ ხედავენ საკუთარ როლს იმ გარემოში, რომელიც ამ ტექნოლოგიის შემდეგ შეიქმნება. ხშირად გვგონია, რომ ადამიანები კომფორტის ზონიდან გამოსვლას ეწინააღმდეგებიან, სინამდვილეში კი ისინი სწორედ ამ გაურკვევლობას გაურბიან.
ყველაზე დიდი რისკი შესაძლოა თავად AI საერთოდ არ იყოს
ბოლო წლებში კომპანიების უმეტესობა ტრანსფორმაციის მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე საუბრობს: როგორ დავნერგოთ ტექნოლოგია, როგორ გავზარდოთ ეფექტურობა და დავზოგოთ დრო. თუმცა, არსებობს სხვა რისკიც, რომელზეც ბევრად ნაკლებად საუბრობენ — რა მოხდება, თუ თანამშრომლები ნელ-ნელა დაკარგავენ რწმენას, რომ მათი განვითარება ამ ცვლილებებს დაეწევა?
PwC-ის კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ახალი უნარების ათვისებას შეძლებენ, მნიშვნელოვნად უფრო პოზიტიურად აღიქვამენ ხელოვნურ ინტელექტს, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ მომავალზე ნაკლებად დარწმუნებულები არიან. ამიტომ, შესაძლოა მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი HR ამოცანა AI-ის ტექნიკური სწავლება კი არა, პროფესიული თავდაჯერებულობის შენარჩუნება გახდეს. ამისთვის აუცილებელია, გლობალური ტრანსფორმაციის მოთხოვნის ნაცვლად, წავახალისოთ ინსტრუმენტების ეტაპობრივი ტესტირება და შევქმნათ კულტურა, სადაც შეცდომის დაშვება სწავლის ნაწილად აღიქმება.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქართული ბაზრისთვის?
ქართულ ბაზარზე ამ შფოთვის ერთ-ერთი საინტერესო მახასიათებელი ის არის, რომ ტექნოლოგიური ცვლილებები ხშირად ბევრად უფრო სწრაფად შემოდის, ვიდრე მათი გავლენის შესახებ ორგანიზაციული დისკუსია. ბევრი პროფესიონალი უკვე იყენებს AI ინსტრუმენტებს, ბევრი კომპანიაც ატარებს ექსპერიმენტებს, მაგრამ ჯერ კიდევ იშვიათად ისმის მთავარი კითხვა: როგორ გრძნობენ თავს ადამიანები ამ ცვლილებების ფონზე?
შესაძლოა უახლოეს წლებში ქართული ბიზნესისთვის სწორედ ეს გახდეს HR-ის მთავარი გამოწვევა. არა უბრალოდ ტექნოლოგიის დანერგვა, არამედ იმ გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები ცვლილებას აღიქვამენ როგორც შესაძლებლობას და არა როგორც საფრთხეს.
Workforce Anxiety სინამდვილეში AI-ის შესახებ არ არის, ის მომავლის აღქმის შესახებაა. როდესაც ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარ ადგილს მომავალში, ჩნდება შფოთვა, ხოლო როდესაც ხედავენ განვითარების მკაფიო გზას, ჩნდება მოტივაცია. სწორედ ამიტომ, მომავლის წარმატებული ორგანიზაციები მხოლოდ იმით კი არ გამოირჩევიან, რამდენად სწრაფად დანერგეს ახალი ტექნოლოგიები, არამედ იმითაც, რამდენად კარგად დაეხმარნენ ადამიანებს საკუთარი მომავლის ხელახლა წარმოდგენაში.