წარმატებით დასრულდა მენტორინგის პროგრამა: „სტრატეგიული HR – შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები“
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა არა მხოლოდ მიიღეს სიღრმისეული თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკის ფარგლებში უშუალოდ საკუთარ გუნდებზე იმუშავეს.
შეხვედრების განმავლობაში მათ შეისწავლეს და პრაქტიკაში გამოიყენეს მიზნების SMART პრინციპით მართვა და ინდივიდუალური მიზნების ორგანიზაციულთან შესაბამისობაში მოყვანა. მონაწილეებმა გააანალიზეს MBO, OKR და KPI სისტემების განხორციელების სტრატეგიები წარმატებული ქეისების მაგალითზე.
დიდი ყურადღება დაეთმო შეფასების ინსტრუმენტებს. მონაწილეებმა დაამუშავეს რაოდენობრივი და თვისებრივი საზომები, თვითშეფასების, 180°და 360° შეფასების მეთოდები. მათ პრაქტიკულად განიხილეს შესრულებისა და პოტენციალის მატრიცა (9 Grid Box), შეფასების შედეგების ინტეგრაცია შესრულების მართვის კალკულაციაში.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მოტივაციის თეორიებსა და კომპანიისა თუ თანამშრომლების ინტერესებზე მორგებული შინაგანი და გარეგანი სამოტივაციო სქემების შემუშავებას. კურსდამთავრებულებმა გააანალიზეს პიროვნული განვითარების გეგმების (PDP) როლი და შეიმუშავეს ისინი. ასევე, მათ შეისწავლეს ტრენინგის საჭიროებების ანალიზი და ეფექტურობის შეფასების მეთოდები.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე, ისინი დაეუფლნენ კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემის, შეხვედრისთვის მომზადებისა და კომუნიკაციის ტექნიკებს. მონაწილეებმა გაარჩიეს შეფასების დროს დაშვებული გავრცელებული შეცდომები, მათი თავიდან აცილების გზები და შიდა გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაცია.
ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს და წარმატებებს ვუსურვებთ!