Career Lattices vs Career Ladders: კარიერული განვითარება და მისი ახალი მოდელი
წლების განმავლობაში კარიერული წარმატება საკმაოდ მარტივი ფორმულით განისაზღვრებოდა, ადამიანი იწყებდა დაბალი პოზიციიდან და ეტაპობრივად ადიოდა მაღალ პოზიციებზე. სწორედ ამიტომ კარიერული განვითარება ხშირად აღიქმებოდა როგორც კიბე: პირდაპირ, ხაზოვან და წინასწარ განსაზღვრულ გზად. თუმცა თანამედროვე სამუშაო გარემოში ეს მოდელი სულ უფრო ნაკლებად შეესაბამება რეალობას. დღეს პროფესიული განვითარება ბევრად უფრო დინამიური გახდა. ადამიანები იცვლიან მიმართულებებს, ერთვებიან სხვადასხვა პროექტში, იცვლიან ფუნქციებში და ამიტომ ხშირად კარიერულ პროგრესს ვერტიკალური დაწინაურებით აღარ ზომავენ. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე გაჩნდა ახალი მიდგომა”Career Lattice”.
თუ Career Ladder კარიერას მხოლოდ ზემოთ სვლად აღიქვამს, Career Lattice-ის შემთვევაში კარიერული განვითარება მრავალმხრივ მოძრაობაა: გვერდით, დიაგონალურად და ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ მიმართულებითაც კი.
რატომ კარგავს პოპულარობას ტრადიციული “Career Ladder”?
ტრადიციული კარიერული მოდელი შექმნილი იყო შედარებით სტაბილური სამუშაო გარემოსთვის, სადაც ადამიანები ხშირად წლების განმავლობაში ერთსა და იმავე სფეროში მუშაობდნენ. ამ მოდელში კარიერული განვითარება ძირითადად ნიშნავდა:
– უფრო მაღალ პოზიციას
– უფრო მეტ პასუხისმგებლობას
– უფრო დიდ გუნდს
– მენეჯერულ როლზე გადასვლას
მაგრამ თანამედროვე სამუშაო გარემოში ეს ლოგიკა სულ უფრო ნაკლებად მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ პროფესიული უნარები ძალიან სწრაფად იცვლება. ბევრ ინდუსტრიაში კონკრეტული ცოდნა რამდენიმე წელიწადში კარგავს აქტუალობას, რის გამოც თანამშრომლებს უწევთ მუდმივად ახალი უნარების შეძენა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარება. ამავე დროს, ბევრ პროფესიონალს აღარ სურს ტრადიციული მენეჯერული კარიერა. ზოგი უფრო მეტად ინტერესდება მრავალფეროვანი გამოცდილებით. სწორედ ამიტომ კარიერული განვითარება უფრო მოქნილი ხდება. ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, AI და ავტომატიზაციის განვითარებაა. დღეს კონკრეტული პროფესია აღარ არის ისეთი სტაბილური, როგორც ადრე. ბევრი როლი ტრანსფორმირდება, ჩნდება ახალი პოზიციები და ქრება ძველი ფუნქციები. ამ პირობებში ყველაზე ღირებული ხდება არა კონკრეტული პოზიცია, არამედ:
– ადაპტაციის უნარი
– მრავალფეროვანი გამოცდილება
– transferable skills
თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ტიპის კარიერული განვითარება, დინამიკური მოდელი ყველასთვის ერთნაირად კომფორტული და სასურველი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამუშაო გარემო უფრო მოქნილი და მრავალმხრივი განვითარებისკენ მიდის, ბევრი პროფესიონალი კვლავ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად კარიერულ გზას ამჯობინებს. ზოგისთვის პროფესიული უსაფრთხოება და კომფორტი სწორედ ერთ კონკრეტულ მიმართულებაში ღრმა ექსპერტიზის დაგროვებას უკავშირდება და არა მუდმივ ცვლილებებს, სხვადასხვა ფუნქციაში გადაადგილებას ან მრავალმხრივი გამოცდილების დაგროვებას. განსაკუთრებით სწრაფად ცვალებად გარემოში, მუდმივი ადაპტაციის მოთხოვნა გარკვეული ადამიანებისთვის შესაძლოა არა მოტივაციის, არამედ გადაღლისა და პროფესიული გაურკვევლობის წყაროდაც იქცეს. სწორედ ამიტომ თანამედროვე ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი ხდება იმის გააზრება, რომ კარიერული განვითარება ერთ უნივერსალურ მოდელს ვერ დაეფუძნება. ზოგ თანამშრომელს მეტად სჭირდება დინამიკური გარემო და მრავალფეროვანი გამოცდილება, ზოგისთვის კი უფრო ეფექტური შეიძლება იყოს სტაბილური, ღრმა სპეციალიზაციაზე დაფუძნებული განვითარება.
შესაბამისად, თანამედროვე HR-ის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შესაძლოა გახდეს არა მხოლოდ მოქნილი კარიერული შესაძლებლობების შექმნა, არამედ იმის სწორად დანახვაც, თუ განვითარების რომელი ფორმაა კონკრეტული ადამიანისთვის რეალურად პროდუქტიული და გრძელვადიანად მდგრადი.
რას ნიშნავს Career Lattice პრაქტიკაში
Career Lattice-ის მოდელში კარიერული განვითარება აღარ არის მხოლოდ მაღალ საფეხურზე ასვლა. თანამშრომელი შეიძლება:
– გადავიდეს სხვა დეპარტამენტში
– იმუშაოს დროებით პროექტზე
– განვითარდეს ექსპერტულ მიმართულებაში
– გადავიდეს სხვა როლში
მაგალითად, მარკეტინგის სპეციალისტი შეიძლება გადავიდეს პროდუქტის მენეჯმენტის დეპარტამენტში, შემდეგ კი სტრატეგიული ბიზნესის მიმართულებაში. ტრადიციული Career Ladder-ის ლოგიკით ეს შესაძლოა „არასწორ“ გადაადგილებად აღიქმებოდეს, თუმცა თანამედროვე ორგანიზაციებისთვის ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილება ხშირად უფრო ღირებულია. Lattice-ის კვლევის მიხედვით, თანამშრომლების 76% აცხადებს, რომ კარიერული განვითარების შესაძლებლობებით უკმაყოფილების შემთხვევაში დიდი ალბათობით დატოვებდა ორგანიზაციას. სწორედ ამიტომ, კომპანიები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ შექმნან მოქნილი კარიერული გზები და არა მხოლოდ ვერტიკალური დაწინაურების სისტემა.
რატომ გადადიან კომპანიები Career Lattice მოდელზე
ამ ცვლილების უკან მხოლოდ თანამშრომლების სურვილი არ დგას, ამას თავად ბიზნეს გარემოც მოითხოვს. თანამედროვე კომპანიებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ:
– სხვადასხვა ფუნქციის გაგება
– სწრაფი ადაპტაცია
– მრავალმხრივი უნარების გამოყენება
– კროს ფუნქციური მუშაობა
ამიტომ ორგანიზაციები სულ უფრო მეტად აფასებენ არა მხოლოდ ღრმა სპეციალიზაციას, არამედ ფართო გამოცდილებასაც. Adecco Group-ის კვლევის მიხედვით, თანამშრომლების 71% ფიქრობს, რომ კომპანიებმა პირველ რიგში შიდა ტალანტები უნდა განავითარონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ გარე რეკრუტინგი. ეს პირდაპირ აძლიერებს შიდა მობილობას და Career Lattice-ის მნიშვნელობას.
როგორ ცვლის ეს მიდგომა HR-ს
Career Lattice HR-ისთვის ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას ქმნის, ორგანიზაციები თანდათან გადადიან „პოზიციებზე დაფუძნებული“ აზროვნებიდან „უნარებზე დაფუძნებულ“ მოდელზე. თუ ტრადიციულ გარემოში HR პროცესები ძირითადად კონკრეტული პოზიციების გარშემო იყო აწყობილი, დღეს სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის გააზრება, თუ რა პოტენციალი და რამდენად ვრცელი უნარები აქვს თანამშრომელს სხვადასხვა მიმართულებით. ამის შედეგად იცვლება თავად ტალანტების მენეჯმენტის სტრუქტურაც. მაგალითად, თანამშრომლის შეფასება აღარ ხდება მხოლოდ იმით, რამდენად კარგად ასრულებს მიმდინარე როლს, არამედ უფრო მნიშვნელოვანი ხდება:
– რამდენად სწრაფად შეუძლია ახალი უნარების ათვისება
– რამდენად ეფექტურად მუშაობს სხვადასხვა ტიპის გუნდში
– რამდენად შეუძლია ფუნქციებს შორის გადაადგილება
– რამდენად ადაპტირებადია ცვლილებების დროს
ეს ცვლილება განსაკუთრებით ცვლის პერფორმანსის მენეჯმენტსა და სწავლისა და განვითარების მიდგომებს. ორგანიზაციები სულ უფრო მეტად ცდილობენ თანამშრომლებისთვის შექმნან არა მხოლოდ კონკრეტული პოზიციისთვის საჭირო განვითარება, არამედ უფრო ფართო პროფესიული შესაძლებლობები. ამ ფონზე HR-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხდება ორგანიზაციაში არსებული უნარების უკეთ დანახვა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პოტენციალი აქვთ. ხშირად იმაზე მეტადაც, ვიდრე ამას მათი მიმდინარე პოზიცია აჩვენებს.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქართული შრომის ბაზრისთვის
ქართულ ბაზარზე Career Lattice-ის მნიშვნელობა განსაკუთრებით შეიძლება გაიზარდოს იმ ფონზე, როდესაც ბევრ ორგანიზაციას უკვე უჭირს კონკრეტული მიმართულების გამოცდილ პროფესიონალების მოძიება. ამ პირობებში კომპანიებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება არსებული თანამშრომლების მრავალმხრივი კარიერული განვითარება. ეს განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სადაც თანამშრომლებს ხშირად ისედაც უწევთ რამდენიმე განსხვავებული ფუნქციის შეთავსება. თუმცა განსხვავება ის არის, რომ მომავალში ასეთი მრავალფუნქციურობა შესაძლოა უფრო სტრუქტურირებულ და განვითარების მოდელად გადაიქცეს, ვიდრე უბრალოდ ოპერაციულ საჭიროებად. ასევე სავარაუდოა, რომ ეტაპობრივად გაიზრდება ისეთი ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც თანამშრომლებს კარიერულ პროგრესს მხოლოდ მენეჯერული დაწინაურებით აღარ დაუკავშირებენ და უფრო მეტად დააფასებენ:
– მრავალფეროვან გამოცდილებას
– ფუნქციებს შორის მოქნილ გადაადგილებას
– სხვადასხვა მიმართულებაში მუშაობის უნარს
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობენ და თანამშრომლებისგან უფრო მეტ ადაპტაციას და მრავალმხრივობას მოითხოვენ.
შეჯამება
Career Lattice-ის ზრდა ერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს, თანამედროვე სამუშაო გარემოში კარიერული განვითარება თანდათან უფრო ინდივიდუალური ხდება. თუ ადრე პროფესიული წარმატება ხშირად ერთნაირი მოდელით განისაზღვრებოდა, დღეს ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის ურთიერთობაც ბევრად უფრო მოქნილი და მრავალფეროვანია. ეს ცვლილება განსაკუთრებით აჩენს ერთ საინტერესო რეალობას: კომპანიები უკვე ნაკლებად ეძებენ მხოლოდ კონკრეტული პოზიციისთვის შესაბამის ადამიანს და უფრო მეტად ცდილობენ იპოვონ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ განვითარება, ადაპტაცია და სხვადასხვა კონტექსტში საკუთარი ღირებულების შექმნა. ამ ფონზე იცვლება თავად კარიერის იდეაც. პროფესიული გზა შესაძლოა სულ უფრო ნაკლებად იყოს წინასწარ განსაზღვრული და უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს გარემოზე, შესაძლებლობებზე, ინდივიდუალურ არჩევანზე და იმაზე, თუ როგორ იცვლება თავად სამუშაოს ბუნება.
შესაბამისად, Career Lattice შეიძლება გახდეს არა უბრალოდ კარიერული განვითარების მოდელი, არამედ იმ ცვლილების სიმბოლო, სადაც პროფესიული წარმატება უკვე უფრო მოქნილ, პერსონალიზებულ და მრავალფეროვან მნიშვნელობას იძენს.
საბოლოო ჯამში, არჩევანი თქვენს პირად მიზნებზეა დამოკიდებული. თუ გსურთ გაეცნოთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო მიდგომას, ტრენდებსა და პრაქტიკულ რჩევებს პერსონალური თუ პროფესიული ზრდისთვის, იხილეთ ჩვენი საინტერესო ბლოგების გვერდი სადაც რეგულარულად ვაზიარებთ სასარგებლო სტატიებს.