კურსი HR ადმინისტრირება პრაქტიკაში — დაიწყო

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს HR ადმინისტრირების პროცესების სიღრმისეულად გააზრება და პრაქტიკული უნარების განვითარება. კურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან იმ საკითხებს, რომლებიც ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად მართვისა და ადმინისტრირებისთვის არის აუცილებელი.

სწავლების პირველ ეტაპზე სტუდენტები გაეცნობიან HR ადმინისტრირების არსს, მის როლს ორგანიზაციაში და იმ მნიშვნელობას, რაც გამართულ სისტემებს, გაციფრულებასა და ავტომატიზაციას აქვს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნისა და დანერგვის პრინციპებს, სამუშაო აღწერილობის მომზადებას, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვას, ხელშეკრულებების ტიპებს, თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების დაცვასა და ადმინისტრირებას.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა შრომითი სამართლის ძირითად პრინციპებს და HR-ის როლს სამართლებრივი რისკების შემცირებაში. სტუდენტები იმუშავებენ პრაქტიკულ ქეისებზე, განიხილავენ სამუშაო დროის რეგულაციებს, დასწრებისა და გაცდენების მართვას, შვებულებას, დროებით შრომისუუნარობას და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმებს.

კურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს HR მონაცემების სტრუქტურირებას და პროცესების ავტომატიზაციას. მონაწილეები Excel-ისა და Google Sheets-ის გამოყენებით ისწავლიან დოკუმენტაციის შექმნას, მონაცემების დამუშავებას, ფაილებს შორის ნავიგაციას, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის ინტეგრაციას და HR ადმინისტრირების სისტემის მოდელის აწყობას.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ასევე გაეცნობიან Payroll-ის საფუძვლებს, შრომის ანაზღაურების პროცესის ძირითად პრინციპებს, შემავალი დოკუმენტაციის მნიშვნელობას, რეპორტინგს, Pivot Table-ებსა და დეშბორდების შექმნას.

კურსის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებზე და ეტაპობრივად შექმნიან HR ადმინისტრირების საკუთარ მოდელს, რომელიც მათ დაეხმარება მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებაში.

„HR ადმინისტრირება პრაქტიკაში“ აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ ამოცანებს და ტექნიკურ ინსტრუმენტებს, რათა მონაწილეებმა შეძლონ HR პროცესების უფრო სტრუქტურირებულად, გამართულად და ეფექტურად მართვა.