ფრაქციული ლიდერობა – თანამედროვე ბიზნესის ახალი მენეჯმენტის მოდელი
ბოლო წლებში სამუშაო გარემო სწრაფად იცვლება და კომპანიები სულ უფრო მეტად ეძებენ მენეჯმენტის მოქნილ მიდგომებს. ტრადიციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები სრულ განაკვეთზე ქირაობენ მაღალი დონის ხელმძღვანელებს, თანდათან იცვლება ახალი ტენდენციით, რომლის სახელია ფრაქციული ლიდერობა(Fractional Leadership). ბიზნეს გამოცემა Forbes აღნიშნავს, რომ ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ლიდერობის ამ მოდელს, რადგან მათ სჭირდებათ მაღალი დონის გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა, მაშინაც კი , როდესაც სრულ განაკვეთზე დასაქმება ეფექტური გადაწყვეტილება არ არის.
რა არის ფრაქციული ლიდერობა:
ფრაქციული ლიდერობა გულისხმობს მენეჯმენტის ისეთ მოდელს, როდესაც ორგანიზაცია მაღალი რანგის აღმასრულებელ ხელმძღვანელს ქირაობს, ნახევარ განაკვეთზე ან თანამშრომლობს კონკრეტული ამოცანის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში ლიდერი კომპანიას სტრატეგიული მიმართულების ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, თუმცა მუშაობს ნახევარ განაკვეთზე ან პროექტის ფორმატში.
პრაქტიკაში ეს ხშირად მოიცავს ისეთ პოზიციებს, როგორიცაა Fractional CEO, CFO, CMO ან CTO — რომლებიც ერთდროულად რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობენ.
ერთი შეხედვით Fractional Leadership და კონსალტინგი მსგავს მიდგომებად შეიძლება აღიქმებოდეს, რადგან ორივე შემთხვევაში კომპანია გარედან იზიდავს გამოცდილ ექსპერტს. თუმცა მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, თუ რა როლს იკავებს ეს ადამიანი ორგანიზაციაში და რამდენად არის პასუხისმგებელი შედეგზე.
კონსალტინგის შემთხვევაში ექსპერტი მოქმედებს როგორც გარედან მოწვეული მრჩეველი. ის აანალიზებს პროცესებს, ავლენს პრობლემებს და კომპანიას სთავაზობს რეკომენდაციებს ან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. თუმცა ამ ცვლილებების განხორციელება და საბოლოო შედეგზე პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ორგანიზაციის შიდა მენეჯმენტზე რჩება.
ფრაქციული ლიდერობა კი განსხვავებულ მოდელს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში პროფესიონალი უკვე მართვის პროცესშიც ერთვება და გარკვეულწილად იკავებს ლიდერის პოზიციას, უბრალოდ არა სრულ განაკვეთზე. მაგალითად, კომპანიას შეიძლება ჰყავდეს Fractional HR Director ან CFO, რომელიც კვირაში რამდენიმე დღე მუშაობს ორგანიზაციასთან, მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში და პასუხისმგებელია სტრატეგიის პრაქტიკაში განხორციელებაზეც.
კონსალტინგი უფრო მეტად პასუხობს კითხვას — რა უნდა გაკეთდეს, ხოლო ფრაქციული ლიდერი ერთვება პროცესში და მუშაობს იმაზე თუ როგორ განხორციელდეს ეს პრაქტიკაში.
რატომ იზრდება ფრაქციული ლიდერობის პოპულარობა:
ფრაქციული ლიდერობის მოდელის პოპულარობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით აიხსნება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა, რადგან მაღალი რანგის აღმასრულებელი ხელმძღვანელის სრულ განაკვეთზე დაქირავება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ხშირად საკმაოდ ძვირი შეიძლება იყოს. ფრაქციული ლიდერის შემთხვევაში კომპანიას შეუძლია მიიღოს იგივე გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა უფრო მოქნილი ფორმატითა და ნაკლები დანახარჯით.
ბიზნეს გარემოში მიმდინარე ცვლილებები ასევე მიუთითებს, რომ კომპანიები უფრო მეტად ეძებენ მოქნილ ექსპერტებს, ვიდრე მუდმივ პოზიციებს. საერთაშორისო ბიზნეს მედიის მიხედვით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც იყენებენ ფრაქციული ლიდერობის მოდელს.
სად არის ყველაზე გავრცელებული:
ფრაქციული ლიდერობის მოდელი განსაკუთრებით გავრცელებულია ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ამ ქვეყნებში კომპანიები აქტიურად იყენებენ მენეჯმენტის მოქნილ ფორმებს. განსაკუთრებით სტარტაპებში, სწრაფად მზარდ ორგანიზაციებში და მცირე და საშუალო ბიზნესში, სადაც მაღალი დონის ლიდერის სრულ განაკვეთზე დასაქმება ყოველთვის აუცილებელი ან შესაძლებელი არ არის.
ფრაქციული ლიდერობა ქართულ ბიზნეს გარემოში:
ქართულ ბიზნეს გარემოში ფრაქციული ლიდერობა ჯერ კიდევ შედარებით ახალი კონცეფციაა, თუმცა მისი გამოყენების პოტენციალი საკმაოდ დიდია. თანამედროვე ბიზნეს გარემოში, სადაც ორგანიზაციები სწრაფად ვითარდებიან და მუდმივად დგანან ახალი გამოწვევების წინაშე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გამოცდილ მენეჯერებთან თანამშრომლობა, რომლებიც კონკრეტული მიმართულებების განვითარებას უზრუნველყოფენ.
ფრაქციული ლიდერობის მოდელი განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც განვითარების პროცესში საჭიროებენ მაღალი რანგის პროფესიონალების ცოდნასა და გამოცდილებას, თუმცა არ აქვთ სრული განაკვეთის აღმასრულებელი ხელმძღვანელის დაქირავების რესურსი. ასეთ შემთხვევებში კომპანიებს შეუძლიათ ითანამშრომლონ გამოცდილ ლიდერებთან ნაწილობრივი ან პროექტული ფორმატით და მიიღონ სტრატეგიული მხარდაჭერა კონკრეტულ მიმართულებებში.
ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება იყოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე სტარტაპებისთვის, რომლებიც ხშირად საჭიროებენ გამოცდილი მენეჯერების ჩართულობას ისეთი მიმართულებების გასაძლიერებლად, როგორიცაა ფინანსური მართვა, ბიზნესის განვითარება, მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა ან ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება.
დასკვნა:
თანამედროვე ბიზნეს გარემოში მოქნილი მენეჯმენტის მოდელების მნიშვნელობა თანდათან იზრდება. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ ლიდერებს, რომლებიც ორგანიზაციას საჭირო გამოცდილებას სთავაზობენ კონკრეტულ ეტაპზე და ეხმარებიან მას ცვლილებების ეფექტურად მართვაში. სწორედ ამიტომ ფრაქციული ლიდერობა თანდათან იქცევა ლიდერობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამედროვე მოდელად.
მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციული ლიდერობა ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, გლობალური ბიზნეს ტენდენციები აჩვენებს, რომ მომავალში ეს მოდელი შესაძლოა ორგანიზაციების მართვის ერთ-ერთ ეფექტურ და მოთხოვნად ფორმად ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ ფრაქციული ლიდერობის გააზრება და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობების შეფასება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ქართული კომპანიებისთვისაც.
„ფრაქციული ლიდერობა მართვის მხოლოდ ერთი მოქნილი მოდელია. თუ გსურთ გაიგოთ, კიდევ რა გზებით შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი კომპანიის ოპერაციული ეფექტურობა, გაეცანით SMART Support-ის hr ბლოგებს, სადაც თანამედროვე ბიზნეს ინსტრუმენტებს დეტალურად განვიხილავთ.“