დასრულდა სტრატეგიული HR – პერფორმანსის მართვის კურსი, რომლის უმეტესი ნაწილი პრაქტიკაზეა დაფუძნებული. კურსის განმავლობაში სტუდენტებმა არა მხოლოდ შეისწავლეს თანამედროვე პერფორმანსის მართვის პრინციპები, არამედ მიღებული ცოდნა თავიანთი კომპანიების კონკრეტულ დეპარტამენტებში პრაქტიკულად გამოიყენეს:
– შერჩეული დეპარტამენტისთვის, მის ხელმძღვანელთან ერთად, განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს SMART მიზნები, რაც რეალურ სამუშაო პროცესებში ეფექტიანობის გაზრდას ემსახურებოდა.
– შეიმუშავეს KPI-ები, რომლებიც მათი დეპარტამენტების საჭიროებებზე იყო მორგებული.
– შეაფასეს გუნდის წევრები და გააანალიზეს მიღებული შედეგები.
– პრაქტიკულად გამოიყენეს კონსტრუქციული უკუკავშირის ტექნიკები და გუნდის წევრებთან ჩაატარეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური შეხვედრები, რაც კომუნიკაციის უნარების გაძლიერებაში დაეხმარათ.
– შეიმუშავეს პიროვნული განვითარების გეგმები კონკრეტული თანამშრომლებისთვის, რაც მათ კარიერულ განვითარებას შეუწყობდა ხელს.
– შეაფასეს თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის დონე, გააანალიზეს მიღებული მონაცემები და შეადგინეს ჩართულობის გასაზრდელი ინიციატივები.
კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარა სტუდენტებს, უფრო ღრმად შეესწავლათ პერფორმანსის მართვისა და მათი ეფექტურად გამოყენების პრინციპები რეალურ სამუშაო გარემოში. კურსის შედეგად სტუდენტებმა გამართეს პროცესები თავიანთ კომპანიებში, რაც ორგანიზაციული შედეგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
გიზიარებთ კურსდამთავრებულების უკუკავშირს:
“ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ გვქონდა ვალდებულება, პრაქტიკაში განგვეხორციელებინა განვლილი თემები, შედეგებს კი შემდეგ გავდიოდით მენტორთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. გვქონდა შესაძლებლობა იქვე გამოგვევლინა ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები და გაგვეანალიზებინა, როგორც ჩვენი მენტორის, ისე ტრენინგში მონაწილე სხვა სტუდენტების პერსპექტივიდან. ეს კი ძალიან დამეხმარა დიდი სურათის დანახვაში, თან ჩემი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვან გარდამტეხ პერიოდში.”
“ლექტორების მუშაობა იყო ძალიან ნაყოფიერი. მათი შენიშვნები ისეთი მხრიდან იყო დანახული, რაც მანამდე არ მქონდა გააზრებული და ძალიან დამეხმარა ჩემს სამუშაო პროცესში.”
“მადლობა ლექტორებს საინტერესო გამოცდილებებისა და ცოდნების გაზიარებისთვის. შეხვედრები იყო ძალიან მოცულობითი, საინტერესო და ინფორმაციული. თითოეული ლექტორი საოცრად კარგი გადმოცემის უნარის მქონე, საკუთარი საქმის პროფესიონალი და მუდმივად მზად მყოფია სხვადასხვა საკითხის უფრო ღრმად განხილვისა და რჩევების გაზიარებისთვის.”
“ვფიქრობ, პრაქტიკა ამ კურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რადგან თეორიის შესწავლის პარალელურად ძალიან ღირებული გამოცდილება მივიღე. ლექტორების დახმარებითა და ჩართულობით საკუთარი კომპანიის ერთი მიმართულებისთვის სრულად გავმართე შეფასებისა და განვითარების სისტემა. გარდა ამისა, შევიმუშავე შემდგომი ნაბიჯების გეგმა და ახლა უკვე დამოუკიდებლად მივყვები დასახულ მიზანს – დავნერგო ორგანიზაციაში გამართული პერფორმანსის მართვის სისტემა.”