ცვლილება ყოველთვის იქ იწყება, სადაც ქცევა ჯერ კიდევ სუსტია. იქ, სადაც იდეა ჯერ კიდევ არ არის ჩვევა, მაგრამ უკვე საკმარისად ძლიერი გახდა იმისთვის, რომ დაიწყოს გამეორება. სწორედ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩნდება ჩვევების თვალთვალის საჭიროება დროებით ინსტრუმენტად, რომელიც ეხმარება ქმედებას ჩამოყალიბდეს.
თავდაპირველად, თვალთვალი თითქოს უმნიშვნელო პროცესად გამოიყურება. შესასრულებელი სამუშაოების სიის გაკეთება, შემდგომში შესრულების მონიშვნა ან გადახაზვა გვაჩვენებს რა შევასრულეთ. ზუსტად ამით ისინი აძლიერებენ მოტივაციას, ამყარებენ რუტინას, ქმნიან პროგრესის შეგრძნებას იქ, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს ჩვევის მექანიკური ძალა. თვალთვალი გვაძლევს მტკიცებულებას, რომ საქმე სრულდება. მაგრამ, დროთა განმავლობაში, სწორედ ეს მტკიცებულება შეიძლება გადაიქცეს მიზნად. იმაზე მეტად, ვიდრე თავად საქმე.
როდესაც ქცევა რეგულარულად აღინიშნება, ის ხდება სტატისტიკა. ქცევას ემატება რაოდენობა. სტატისტიკას კი თან ახლავს სურვილი რომ პროგრესი აჩვენოს, გაგრძელდეს და არ შეწყდეს, რომ იყოს სრულყოფილი.
თუმცა, ბუნებრივია, რომ სტატუსტიკა მუდმივად განგრძობითი შეიძლება არ იყოს, შესაძლოა დღე გამოვტოვოთ გაცნობიერებული არჩევანის ან უბრალოდ გარდაუვალი მოცემულობის გამო და ასეთი შემთხვევები შესაძლოა მარცხად იყოს აღქმული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი რომ ქცევის თვალთვალის მექანიზმი ქცევის მართვის მექანიზმად არ იქცეს.
სწორედ აქ შემოდის გუდჰარტის კანონი. ის არ არის ფსიქოლოგიური პრინციპი, მაგრამ ზუსტად ეხმიანება ჩვევებთან მუშაობის პროცესს. კანონის კლასიკური ფორმულირება ასეთია:
„როცა მიზანი ცალკეული პარამეტრი ხდება, ის აღარ წარმოადგენს კარგ საზომს“ .ეს ნიშნავს, რომ როგორც კი პროგრესის აღსაწერად შექმნილი საზომი თავად გადაიქცევა საბოლოო მიზნად, ის იწყებს რეალობის დამახინჯებას. საკუთარ თავში თვალთვალი არაფერს აშავებს პრობლემა იქ იწყება, სადაც მიზნის მიღწევა ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ ციფრებით განსაზღვრას.
მაგალითად, როცა ქცევის წარმატება განისაზღვრება მხოლოდ გამოტოვებული დღეების რაოდენობით, ჩნდება წნეხი, იმის რომ შევინარჩუნოთ უწყვეტობა, რაც არ უნდა მოხდეს. ამ წნეხმა კი, შესაძლოა გამოიწვიოს არაგულწრფელი შესრულება, ზედაპირული ქმედებები ან სულაც ფიქცია, როდესაც რაოდენობა იმარჯვებს ხარისხზე.
ჩვევის განვითარება რთულია არა იმიტომ, რომ განმეორება ჭირს, არამედ იმიტომ, რომ განმეორებაში ადვილად იკარგება შინაარსი. თვალთვალი, რომელიც დამხმარე მექანიზმია, არ უნდა გადაიქცეს შემზღუდავ ბარიერად, არამედ უნდა დარჩეს კონტროლის ინსტრუმენტად. როგორც ჯეიმს ქლიერი აღნიშნავს, თვალით ხილული პროგრესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ვერასდროს ჩაანაცვლებს ქცევის სიღრმეს. როდესაც დღიურში რამის მონიშვნა ემსახურება აზრს, ის ამაგრებს ჩვევას, მაგრამ როდესაც აზრი ემორჩილება მონიშვნას, ჩვევა კარგავს ძალას.