კურსი „HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის“ აქტიურ ფაზაში გრძელდება და მონაწილეებმა უკვე გაიარეს პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ეტაპზე ისინი გაეცნენ ადამიანური რესურსების მართვის ძირითად მიმართულებებს და დაიწყეს პრაქტიკული მუშაობა HR პროცესების სხვადასხვა ასპექტზე.

პროგრამის პირველ ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს HR-ის როლი ორგანიზაციაში, ორგანიზაციული სტრუქტურის მნიშვნელობა და სტრატეგიული HR მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო HR სტრატეგიის ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობას და ორგანიზაციის განვითარების პროცესში HR-ის როლს.

კურსის ფარგლებში მონაწილეები ასევე მუშაობენ მონაცემებთან, მათ შორის Excel-ის გამოყენებით, რათა უკეთ გაიაზრონ მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობა HR გადაწყვეტილებების მიღებაში და ისწავლონ ანგარიშების მომზადება და ინფორმაციის ინტერპრეტაცია.

პროგრამაში უკვე განხილულია რეკრუტინგის საფუძვლები და შერჩევის პროცესის დაგეგმვა. მონაწილეები სწავლობენ სამუშაოს ანალიზს, კანდიდატის პროფილის განსაზღვრას, კანდიდატების მოძიების წყაროებს და გასაუბრების ჩატარების ძირითად პრინციპებს.

ლექციები მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ HR პროცესები რეალური სამუშაო გარემოს კონტექსტში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეთა უკუკავშირი სასწავლო პროცესის განმავლობაში. სწორედ ეს უკუკავშირი გვაძლევს შესაძლებლობას პროგრამა მუდმივად გავაუმჯობესოთ და კიდევ უფრო მეტად მოვარგოთ ის რეალურ სამუშაო გარემოს მოთხოვნებს.

გვსურს გაგიზიაროთ მონაწილეთა შეფასებების ნაწილი:
“კურსით სრულიად კმაყოფილი ვარ, ყველაზე მეტად მომეწონა შერჩევის და ადმინისტრირების ლექციები, პრაქტიკული დავალებებიც ისე იყო აწყობილი, რომ რეალურად გამოვცადე ნასწავლი მასალა, რაც დამეხმარა გამეუმჯობესებინა ჩემი უნარები კიდევ უფრო მეტად. ბევრი ღირებული ინფორმაცია მივიღე ბევრი რამ იყო ახალი. მადლობა ლექტორებს იმისთვის, რომ ასე მონდომებით ცდილობდნენ აეხსნათ მასალა.”
” ძალიან კარგი კურსია, ნამდვილად ღირს გავლა, ფორმატი მომწონს განსაკუთრებით ყველა მიმართულებას, ეხები და შემდეგ ირჩევ შენთვის საინტერესოს, პროცესიც საკმაოდ პრაქტიკულია და ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოცდა კურსზევე შეგიძლია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა”